მოსამართლეს და დანაშაულის სხვა მონაწილეებს სანქციები უნდა დაეკისროთ – კონგრესმენი უილსონი მათე დევიძის საქმეზე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორი ჯო უილსონი ეხმაურება მათე დევიძისათვის ოთხ-ნახევარი წლით პატიმრობის მისჯას და მოსამართლის სანქცირებაზე საუბრობს.
„ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მხოლოდ იმიტომ, რომ მას თავისი ქვეყნის, საქართველოსთვის თავისუფლების მომავალი სურდა“, – წერს ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე.
„[მოსამართლე] ნინო გალუსტაშვილს და ამ საზარელი დანაშაულის სხვა მონაწილეებს სანქციები უნდა დაეკისროთ“, – აცხადებს კონგრესმენი უილსონი.
მათე დევიძის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, – მოსამართლედ 2024 დანიშნულმა პირმა, – გამოაცხადა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის მიმართულებით მან 2023 წელს ჩააბარა.
მათე დევიძის საქმეზე პროკურორი კი იყო ანი ხუბეჯიშვილი, – ის ერთ-ერთი იყო იმ პროკურორთა შორის, რომლებიც მაისში აწ უკვე ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა გიორგი გაბიტაშვილმა დააჯილდოვა.
მათე დევიძე დამნაშავედ ცნეს „პოლიციელზე თავდასხმაში“. დაზარალებულად სამი პოლიციელი ცნეს – ბიძინა ჟამერაშვილი, გიორგი ესტატიშვილი და ლევან კოდელაშვილი.
მათე დევიძემ სასამართლო სხდომა, სადაც მისი განაჩენი გამოაცხადეს, დატოვა. წასვლამდე განაცხადა:
„მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტის და აქციის მონაწილის ცემაში პასუხისმგებელი არ არის მიცემული პასუხისგებაში, ჩვენ გვწირავთ იმიტომ, რომ […]. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებულები, ჩვენ უსამართლობას დავუდექით პირისპირ. მაპატიეთ, მეგობრებო, უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა“.
სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში“, – ეს იყო ბოლო ფრაზა, რომელიც მან დარბაზის დატოვებამდე თქვა.
დევიძისათვის პატიმრობის მისჯას სპონტანური დემონსტრაცია მოჰყვა, რაც უწყვეტი აქციების 197-ე დღეს ღამისთევით გრძელდება.
ფორუმი