ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს დასანქცირებულ პირებს შორის არიან თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების უხეშ და სისტემატურ დარღვევებზე, ასევე ქართველი ხალხის რეპრესიებზე.
დღეს, 3 მარტს, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ათობით მოქალაქე დაასანქცირეს. მათ შორის ყველაზე მეტი – 74 საქართველოს მოქალაქე ლიეტუვამ დაასანქცირა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები შეეხოთ იმ პოლიცილებსაც, რომლებიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ საქმეში ფიგურირებენ.
„შავ სიაში ახლად შეყვანილი თანამდებობის პირები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე დიდი რაოდენობით ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყვეს მის უკანონო დაკავებას. ამაღლობელი 38 დღე შიმშილოდბა ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომელიც თითქმის 100 დღეა აპროტესტებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, სისტემურ ქმედებებს, რომელიც უხეშად არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს და საერთაშორისო ვალდებულებებს.
ამასთან, ესტონეთის დღეს ესტონეთმაც დაასანქცირა მზია ამაღლობელის საქმის პროკურორები: ვლადიმერ თურმანიძე და თორნიკე გოგეშვილი; ბათუმის პოლიციის უფროსი, საქმეში „დაზარალებულად“ ცნობილი ირაკლი დგებუაძე, მოსამართლეები: ნინო სახელაშვილი და ვერა დოლიძე. ასევე, დასანქცირებულნი არიან: აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია, მისი მოადგილე – დავით ათაბეგაშვილი და ბათუმის პოლიციის უფროსის მოადგილე გოჩა ვანაძე.
