“მორალს არავის ვუკითხავ, მაგრამ სიჩუმეც არ ვარგა” – თემურ ჭყონია

ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ბიზნესის განწყობაზე დამთრგუნველად მოქმედებს. BMG-სთან ინტერვიუში ბიზნესმენი პარტია „ლელოს“ ლიდერების და ყოფილი ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასაც გამოეხმაურა. თემურ ჭყონიასთვის გაუგებარია როგორც პოლიტიკოსების 8-8 თვით დაპატიმრების მიზეზი ისე დაკავების ფორმაც – სახალხოდ ხელბორკილების დადება. „ადამიანის შრომა და მისი როლი თანამედროვე საქართველოს [ეკონომიკის] განვითარებაში თუ არ გაითვალისწინე და ყველაფერს ხაზი გადაუსვი, მაშინ რატომ ვიცხოვრეთ ამ ქვეყანაში?! რატომ ვქმნით ბიზნესის ისტორიას?! რატომ ვქმნით ოჯახის ისტორიას, თუ ეს ყველაფერი არაფერი ყოფილა“, – ამბობს ბიზნესმენი.
– განწყობაზე ბევრი რამეა დამოკიდებული და ის, რომ ჩვენი სამუშაოს დიდ ნაწილს ვუთმობთ, არა ეკონომიკას და ბიზნესს, არამედ პოლიტიკური სიტუაციის ანალიზს და იძულებულს გვხდიან, ჩავერთოთ, რადგან ეს ეხება ჩვენს მეგობრებს, დამთრგუნველია. ბუნებრივია, განვიცდით, როცა მეგობრებს აკავებენ.
– ახალგაზრდები ციხეში, ქალი ჟურნალისტი ციხეში, ქალი აქტივისტი ციხეში, პოლიტიკური ლიდერები ციხეში… – რა ჩაიფიქრა და რისი ჩვენება უნდა ამ ქმედებებით „ქართულ ოცნებას“?
– არ ვიცი, ეს ყველაფერი მასებზე როგორ აისახება… არასწორი აზროვნების მაჩვენებელია, თუ ის, რაც ხდება ქვეყანაში ,ბევრ ადამიანს მოსწონს. პირადად ჩემზე და ჩემს ახლობლებზე, მოგეხსენებათ, უამრავ ადამიანთან მაქვს კავშირი და ვაფასებთ ამ თემას, მხოლოდ დამთრგუნველად კი არ მოქმედებს… ორი მომენტია – შეშინების და დისკომფორტის… რაღაცნაირად ისე ჩამოყალიბდა, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ცდილობს, მეორე ნაწილი დაჩაგროს, დაამციროს და ეს მეორე ნაწილი, ვის დაჩაგვრასაც ცდილობენ, უფრო წარმატებული და საჭირო ხალხია ქვეყნისთვის, ვიდრე ის, ვინც მათ ამცირებს და უხარიათ….
– რისი გაკეთება შეუძლია საზოგადოებას მიმდინარე სიტუაციის შესაცვლელად?! – მათ შორის ბიზნესმენებს…
– არ მიყვარს ამ თემებზე ვიღაცისთვის მორალის კითხვა… მორალს არავის ვუკითხავ, მაგრამ სიჩუმეც არ ვარგა. აზრის დაფიქსირება, როგორც ეტყობა, დასჯადია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი აზრი არ გამოხატო. ადამიანის შრომა და მისი როლი თანამედროვე საქართველოს [ეკონომიკის] განვითარებაში თუ არ გაითვალისწინე და ყველაფერს ხაზი გადაუსვი, მაშინ რატომ ვიცხოვრეთ ამ ქვეყანაში?! რატომ ვქმნით ბიზნესის ისტორიას?! რატომ ვქმნით ოჯახის ისტორიას, თუ ეს ყველაფერი არაფერი ყოფილა და არაფერი არ ფასდება?! ყველა ადამიანს აქვს თავისი როლი ქვეყნის, ოჯახის, ბიზნესის წინაშე – ზოგი დიდ თემას აკეთებს, ზოგი ძალიან დიდს, ზოგიც – საშუალოს და ყველას თავისი ფასი აქვს, ყველაფერი არ უნდა გაუბრალოვდეს…

ასევე დაგაინტერესებთ