გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ინდოეთის ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობის ერთ-ერთი უდიდესი იმპორტიორები არიან, აპირებენ, მომდევნო კვირებში რუსეთიდან შესყიდვები შეამცირონ.
Bloomberg-ის ცნობით, ეს ინდოეთის მხრიდან ზომიერ დათმობას წარმოადგენს ტრამპის მხრიდან აშშ-ს ტარიფების გაზრდის ფონზე, თუმცა ასევე მიანიშნებს, რომ ინდოეთი არ აპირებს მოსკოვთან კავშირები სრულად გაწყვიტოს.
წყაროების თქმით, მოელიან, რომ ოქტომბრიდან დაწყებული სახელმწიფო მფლობელობაში არსებული და კერძო ნავთობგადამამუშავებელი კომპანიები, მათ შორის Reliance Industries Ltd., დღეში 1.4-1.6 მილიონ ბარელ ნავთობს შეისყიდიან.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ დღეში 1.8 მილიონი ბარელი იყო.
გამოცემის წყაროების მიხედვით, ეს რაოდენობა შესაძლოა, შეიცვალოს, თუ ტრამპის ადმინისტრაცია ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმებას მიაღწევს და აშშ რუსული ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთზე წნეხს შეამცირებს.
ცნობისთვის, 6 აგვისტოს დონალდ ტრამპის ბრძანების შედეგად აშშ-მ ყოველგვარ ინდურ პროდუქციაზე დამატებით 25%-იანი ტარიფები დააწესა. ტრამპის ადმინისტრაციის მიხედვით, გადაწყვეტილების მიზეზი ინდოეთის მხრიდან რუსული ნავთობის შეძენა გახდა.
ტაბულა
