ამომრჩევლების მოსასყიდად მოლდოვაში რუსეთიდან 39 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. ამის შესახებ მოლდოვის პოლიციის მეთაურმა, ვიორელ ჩერნეუცანუმ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ გამოძიების მასალის თანახმად, მხოლოდ ოქტომბერში არჩევნებსა და რეფერენდუმამდე რუსეთიდან მოლდოვაში 24 მილიონი დოლარი გადმოირიცხა რუსული ბანკის “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის მეშვეობით.
ჩერნეუცანუს თქმით, “პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის გამოყენებით ამომრჩევლების მოსყიდვის სქემა გაზაფხულის ბოლოს ამოქმედდა, მაგრამ შემოდგომაზე, არჩევნებისა და რეფერენდუმის მოახლოების გამო, უფრო გააქტიურდა.
“პრომსვიაზბანკის” აპლიკაციის დაყენებაში ხალხს Telegram-ის ბოტები ეხმარებოდნენ. პოლიციის თქმით, მათ სისტემაში მოლდოვიდან 138 ათასი ნომრის დაფიქსირება მოახერხეს. ჩერნეუცანუმ აღნიშნა, რომ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემის უკან გაქცეული მოლდოველი ოლიგარქი, ილან შორი დგას.
პოლიციამ ამომრჩევლების მოსყიდვის სქემაში ჩართული 520 ადამიანი დააფიქსირა. მათ დიდი ჯარიმა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.