როგორც გასულ კვირას გაცნობეთ, “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი იქნება. 53 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრებთან 1+1+2 სისტემის კონტრაქტი გააფორმა.
კოკერილის შესახებ ჟურნალისტებთან “მონპელიეს” პრეზიდენტმა მოედ ალტრადმა ისაუბრა. მოგეხსენებათ, რიჩარდი ფრანგული კლუბიდან ნოემბერში გაათავისუფლეს, რადგან მისი ხელმძღვანელობით გუნდმა TOP 14-ში ზედიზედ 6 მატჩი წააგო.
ალტრადის თქმით, ამ ყველაფრის მიზეზი კოკერილის მიერ მორაგბეებთან და მთელ სტაფთან ცუდი ურთიერთობა გახდა.
“კოკერილი ძალიან მკაცრი იყო, მოთამაშეებს ამცირებდა, სამწუხაროდ, ეს ყველაფერი მოგვიანებით გავიგე. მორაგბეებს ვუთხარი, რომ თუ მსგავსი ფაქტები ხდებოდა, ჩემთვის აუცილებლად უნდა ეთქვათ,
თუმცა პასუხად მივიღე, რომ ჩემი შეწუხება არ სურდათ. რიჩარდი მთელ სტაფს ატერორებდა. ვგულისხმობ არამარტო მოთამაშეებს, არამედ ექიმებს, ვიდეოასისტენტებსა და ფიზმომზადების სპეციალისტებსაც.
სხვათა შორის, კოკერილი “ედინბურგიდან” ამავე მიზეზების გამო გაათავისუფლეს”, – განაცხადა ალტრადმა Midi Libre-სთან ინტერვიუში.