მოვუწოდებ მორაგბეებს, აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე – ტყემალაძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე მორაგბეებს, რომლებიც რუსული კანონსა და მის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებენ, მოუწოდებს, რომ თავიანთი საქმე აკეთონ.
როგორც იოსებ ტყემალაძე ამბობს, გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა „სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებამ“ შეიძლება, ნაკრებში განხეთქილება და დაპირისპირება გამოიწვიოს.
ტყემალაძის განცხადებას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
იოსებ ტყემალაძის აზრით, მორაგბეებზე, ისევე როგორც სხვა სპორტებზე, „სერიოზული ზეწოლა“ მიმდინარეობს.
„აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება აკეთონ თავიანთი საქმე. იმავეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე, თავისი შრომით და თავდადებით დადონ თითო აგური ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გვასახელონ სხვადასხვა ჩემპიონატებზე თუ ტურნირებზე, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში აგვეწიოს საქართველოს დროშა ამაყად.
ნუ დავივიწყებთ იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ეროვნული ნაკრების კვართის ტარებაა. მითუმეტეს ბიჭებს წინ მნიშვნელოვანი თამაში ელით 3 მაისს „ლესტერ თაიგერსთან“, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმისაკენ, რომ ზუსტად იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ როგორიც არის „ექვსი ერი“-ს ტურნირი, ევროპის პროფესიონალური სარაგბო კლუბების ჩემპიონატი და ა.შ.
ასევე, გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებებმა შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიმართულებისთვის და მიზნისთვის, რისკენაც პატარ-პატარა თუ დიდი ნაბიჯებით, მაგრამ წინ და შეუპოვრად მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ევროპულ ლიგებზე და ტურნირებზე, ამისათვის კი საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა“, – აცხადებს იოსებ ტყელამალაძე.
ტრადიციულად, იოსებ ტყემალაძე თავის ამ განცხადებაშიც ხაზს უსვამს ს როლს რაგბის განვითარებაში.
„გარდა ამისა მინდა ყველას შევახსენო, რომ არა „ფონდი ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა რაც გაგვაჩნია. ასევე მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის, რომ დღეს საშუალება გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ მნიშვნელოვან ევროპულ ტურნირებში და ჩვენს ბიჭებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები ამისთვის. ეს მხარდაჭერა გვაძლევს სიმტკიცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გავიჩინოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა, რათა ქართული დროშა მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების არენებზე ფრიალებდეს. მშვიდობა ჩვენს ქვეყანას! და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს“, – აცხადებს იოსებ ტყემალაძე.
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ რუსული კანონის მიღება გადაწყვიტა და მის ამ გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციები მოჰყვა, არაერთმა სპორტსმენმა, მათ შორის მორაგბეებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს, პროტესტს მხარი დაუჭირეს და აქტივისტებზე ძალადობა დაგმეს.
იოსებ ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 2021 წელს აირჩიეს, წელიწადზე მეტხანს გაწელილი პროცესის შემდეგ, საპროტესტო დემონსტრაციისა და დაპირისპირების ფონზე.
ვინ ვინ არის რაგბის კავშირის ახალ გამგეობასა და მენეჯმენტში
იოსებ ტყემალაძეა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ბიზნესმენია, ივანიშვილს კი 2014 წელს ნათქვამი აქვს ფრაზა, სადაც რაგბის კავშირში საკუთარი კადრის დანიშვნის სურვილზე საუბრობს.

ასევე დაგაინტერესებთ