მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განმარტონ ზრახვები რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას – ევროკავშირის ლიდერები

ევროპული საბჭო საქართველოში განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით წუხილს გამოთქვამს, კერძოდ „აგენტების კანონის“ დამტკიცება შეფასებულია უკუსვლად კომისიის მიერ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით, ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, განმარტონ მიმდინარე კურსის შეცვლით განპირობებული თავიანთი ზრახვები, რომელიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირისკენ გზას და დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“.
ევროპული საბჭო მოუწოდებს წერტილი დაესვას სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ლიდერების სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაშინებას, მუქარას და ფიზიკურ თავდასხმებს. საქართველოს შეახსენებენ, რომ ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებისა და პრინციპების პატივისცემას ნებისმიერი ქვეყნისთვის ვინც წევრობისკენ მისწვაფის მნიშვნელვანი როლი აქვს.
ევროპული საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი და წაახალისოს პარტნიორი ქვეყნების გრძელვადიანი და მოკლევადიანი სადამკვირვებლო პროცესი. ის გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას.
ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ის იმეორებს თავის ურყევ სოლიდარობას ქართველ ხალხთან და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
27 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) რეზოლუცია მიიღო საქართველოში დემოკრატიის გამოწვევების შესახებ. საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციით გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო, რომელიც სერიოზულ ეჭვს ბადებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი ქვეყნის ერთგულებისა და მისი მზადყოფნის შესახებ, შეასრულოს ევროპის საბჭოში წევრობის ვალდებულებები.
2023 წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ – რამდენიმე ოპოზიციონერის დახმარებით მოლაპარაკებების გახსნამდე მიიღო „აგენტების კანონი“, რომელსაც ევროკავშირი და ქვეყნის სხვა პარტნიორები ევროინტეგრაციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევენ.

ასევე დაგაინტერესებთ