მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიებს, მონაწილეობა მიიღონ ამ სამუშაო ფორმატებში – ბექა ლილუაშვილი 9 პუნქტის შესრულებაზე

როგორ აპირებს საქართველო ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებას – სამოქმედო გეგმაზე, დღეს, პრემიერის ხელმძღვანელობით, ევროპასთან ინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე იმსჯელებენ.
ოპოზიციის ნაწილი პროცესში აქტიურად ჩართვისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ აქცენტი 9 რეკომენდაციიდან ერთზე – არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე უნდა გაკეთდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დანარჩენ პუნქტებზე საუბარი.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 9 დათქმის შესასრულებელი გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მონაწილეობით, სამუშაო ფორმატების შექმნაა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მათი ოპონენტები ტრადიციას არც ახლა უღალატებენ და ქვეყნის კეთილდღეობაზე მაღლა, ისევ საკუთარ, პარტიულ ინტერესებს დააყენებენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” თავმჯდომარე , ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ სამუშაო ფორმატებში.
“რაც შეეხება სამუშაო ფორმატებს, მე არ ვიცი რას გეგმავს , მაგრამ ჩვენ უკვე ერთ კვირაზე მეტია ვუმეორებთ ხელისუფლებას, რომ შექმნას სამუშაო ფორმატები, რომლებიც ორიენტირებული იქნება, შინაარსობრივად იმ 9 დათქმის შესრულებაზე, რაც წარმოდგენილია შეფასების დოკუმენტში. დიახ უნდა შეიქმნას და ჩვენ, ასევე მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიებს, მონაწილეობა მიიღონ ამ სამუშაო ფორმატებში. ვნახოთ რა ცვლილებებს მოიტანს “ოცნება” ამ სამუშაო ფორმატებში”, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
“გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი 9 პუნქტის შესრულება შეუძლებელია, რადგან სასაცილო იქნება “ქართული ოცნების” დეპუტატებს დაავალო სუს-ის კონტროლი, რადგან სუს-ი აკონტროლებს დეპუტატებს.
“დიდი განსხვავებაა 12 პუნქტსა და იმ 9 პუნქტზე, რომელიც ახლა არის. 12 პუნქტის შესრულება, ტექნიკურად შესაძლებელი იყო. ამ 9 პუნქტის შესრულება, ჩემი აზრით შეუძლებელია, გარდა იმ მეოთხე პუნქტისა, რომელიც არჩევნებს ეხება. სასაცილო იქნება დავავალოთ “ქართული ოცნების” დეპუტატებს გააკონტროლონ სუს-ი, რადგან სუს-ი აქეთ აკონტროლებს ამ დეპუტატებს და ზუსტად ასე შეიძლება სხვა დანარჩენ პუნქტებსაც მივყვეთ. ამიტომ, პარლამენტში დისკუსიები და რაღაც კანონებზე მსჯელობა ნორმალურია, მაგალითად: თუ ეროვნულ ბანკზე წავა საუბარი, მე ამ საუბარს აუცილებლად დავესწრები. ძალიან მაინტერესებს რა შეიძლება მოიგონო ისეთ, რომ ფორმალურად დამოუკიდებელი იყოს ეროვნული ბანკი,” – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა