სოციალური სამართლიანობის ცენტრი “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, არ მიიღონ კანონპროექტი “კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ”. საუბარია ინიციატივაზე, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, გულისხმობს 10-14 წლის ბავშვებისთვის დახურული ტიპის დაწესებულების შექმნას.
ორგანიზაცია ჩამოთვლის იმ პრობლემურ, სამართლებრივ საკითხებს, რომლებიც ინიციატივას აქვს:
· ბავშვის ასაკი და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაუშვებლობა;
“გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიხედვით, სახელმწიფოებმა, სულ მცირე, 14 წლის ასაკიდან უნდა დააწესონ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით, 12-13 წლის ასაკის ბავშვების ტვინი ჯერ კიდევ ვითარდება, შესაბამისად, აბსტრაქტული აზროვნების უნარი და საკუთარი ქმედებების შედეგების გააზრება ჯერ კიდევ სრულად არაა შესაძლებელი. განვითარების სპეციფიკურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, კომიტეტი პასუხისმგებლობის ასაკის ზემოთ აწევასაც (15 ან 16 წლის ასაკამდე) კი ადვოკატირებს.
გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის ქვემოთ მყოფი ბავშვების იმ ქმედებებზე რეაგირება, რომელიც, შესაბამისი ასაკის შემთხვევაში, დანაშაულად ჩაითვლებოდა, ბავშვზე ორიენტირებულ და მულტიდისციპლინური მიდგომებზე დაყრდნობით უნდა განხორციელდეს. იგი უნდა ეფუძნებოდეს ბავშვების საჭიროებების ყოვლისმომცველ შეფასებას, ხოლო ბავშვები მხარდაჭერილები უნდა იყვნენ საკუთარ ოჯახებსა და თემში.
ოჯახიდან გამოცალკევება, მაგალითად, ალტერნატიულ მზრუნველობაში განთავსება, უნდა გამოიყენებოდეს, როგორც უკანასკნელი ღონისძიება. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ცხადია, რომ კანონპროექტი მხედველობაში არ იღებს საერთაშორისო სტანდარტებს”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
· სახლში განთავსების ვადები და მისი თვითნებურად დატოვების შესაძლებლობა, რაც პრაქტიკულად თავისუფლების შეზღუდვას უთანაბრდება;
“კანონპროექტის მიხედვით, ბავშვი სახლს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ ტოვებს. თუმცა, მეორე მხრივ, კანონპროექტი ბავშვების თავისუფლების განუსაზღვრელი და ხანგრძლივი ვადით შეზღუდვის რეალურ რისკებს ქმნის.
კერძოდ, რეგულაციების მიხედვით, სახლში გადამისამართება დასაშვებია 6 თვის ხანგრძლივობით, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოველ ჯერზე, 6 თვემდე ვადით შეიძლება გაგრძელდეს.
კანონი არ ადგენს ვადის გახანგრძლივების ჩამკეტ მექანიზმს. ამ პირობებში არსებობს რისკი, რომ ბავშვებმა სახლის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ სრულწლოვნების მიღწევის შემდგომ მიიღონ.
ვადის მიღმა, სპეციალურ დაწესებულებაში გადაადგილებისა და მისი დატოვების რეჟიმის ჩარჩო აჩვენებს, რომ ეს მექანიზმი, რომელიც თავისუფლების ხანგრძლივი და არაპროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობას ითვალისწინებს, საერთაშორისო სტანდარტებსაც ეწინააღმდეგება”, – აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
· სახლში გადამისამართების, როგორც უკიდურესი ღონისძიების გამოყენების შესახებ დათქმის არარსებობა კანონპროექტში;
“კანონპროექტიდან არათუ არ იკვეთება, რომ სახლში განთავსება უკიდურესი ღონისძიება იქნება, არამედ ცალკეულ შემთხვევებში (პროკურორის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასტურდება ბავშვის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას), უალტერნატივოდ გამოიყენება კიდეც”, – განმარტავენ ორგანიზაციაში.
· გასაჩივრების ნაწილში არასაკმარისი გარანტიების არსებობა;
“ბავშვის უფლებების კონვენციის მიხედვით, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს გასაჩივრების მექანიზმებზე წვდომა. კონვენციის 37 (დ)-ე მუხლის მიხედვით, ყველა თავისუფლებააღკვეთილ ბავშვს აქვს უფლება, დაუყოვნებლივ ისარგებლოს სამართლებრივი და სხვა ტიპის მხარდაჭერით, ასევე, მოახდინოს გასაჩივრების უფლების რეალიზაცია თავისუფლების აღკვეთის კანონიერებასთან მიმართებით. წინამდებარე კანონპროექტში გასაჩივრებისა და ეფექტიანი დახმარების შესახებ პირდაპირი ჩანაწერი არ არსებობს, რაც ასევე მნიშვნელოვანი პრობლემაა”, – წერია განცხადებაში.
· განათლებისა და საზოგადოებისგან იზოლაციის რისკი.
“აშკარაა, რომ ბავშვები, რომლებიც განთავსდებიან სპეციალურ დაწესებულებაში, ვეღარ მიაღწევენ ხარისხიან განათლებას (ზოგადი, პროფესიული ან უმაღლესი) და იზოლირებული იქნებიან თემისგან, რაც დამატებით ზიანს აყენებს მათ განვითარებასა და სოციალურ ინტეგრაციას”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრში მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა, ბავშვების დასჯის ნაცვლად, მიმართული უნდა იყოს პრევენციასა, ბავშვთა მხარდაჭერასა და ოჯახების გაძლიერებაზე.
ამავე თემაზე:
· რატომ არ არის ბავშვის დასჯა დანაშაულის პრევენცია – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
· “ეს გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას და არა რეაბილიტაციას” – განცხადება “ოცნების” ახალ კანონპროექტზე
· ბავშვის მოთავსება დახურულ დაწესებულებაში დასჯაა და არა დანაშაულის პრევენცია – ინტერვიუ ფსიქოლოგთან
· ბავშვების დანაშაულის აღკვეთას მათი ციხის მსგავს დაწესებულებაში ჩასმა არ შველის – თოლორაია
· „ციხე 10 წლის ბავშვისთვის დაუშვებელია“ – როგორ აპირებს „ოცნება“ ბავშვების დასჯას
· “კანონთან კონფლიქტში მყოფ” 14 წლამდე მოზარდებზე კანონპროექტი შემუშავდა




