მოვუწოდებთ ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ – PACE-ს თანამომხსენებლები

საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის თანამომხსენებლებმა ედიტე ესტრელამ (პორტუგალია, სოციალისტური პარტია) და საბინა კუდიჩმა (ბოსნია და ჰერცეგოვინა, ALDE), მკაცრად დაგმეს მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის მისჯა.
„ეს სასჯელი არაპროპორციულია, აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული და სისხლის სამართლის პროცესის ბოროტად გამოყენების მაგალითია დამოუკიდებელი მედიისა და დისიდენტური მოსაზრებების ჩასახშობად.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და ასევე მოვუწოდებთ სრულად სცეს პატივი საქართველოს მიერ წევრობით ნაკისრ ვალდებულებებს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შესახებ“, – განაცხადეს მომხსენებლებმა, რომლებიც ქვეყანაში ვიზიტს წელს გეგმავენ.
საქართველო ევროპის საბჭოს ათი წევრი სახელმწიფოდან ერთ-ერთია, რომლებიც ექვემდებარება ასამბლეის სრული მონიტორინგის პროცედურას, რომლის მიზანია დაეხმაროს ამ ქვეყნებს წევრობის ვალდებულებებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულებაში.
6 აგვისტოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება გადაკვალიფირდა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე: პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე, აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
მზია ამაღლობელმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით 4 აგვისტოს მიმართა. მან თქვა, რომ მისთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია პროკურატურის შეთავაზება საპროცესო შეთანხმებაზე.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით. იგი 200 დღეზე მეტია წინასწარ პატიმრობაშია. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა მისი წინასწარ პატიმრობაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა უკანონო პატიმრობაში დატოვა.
მზია ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა.
· საერთაშორისო გამოხმაურებები მზია ამაღლობელის განაჩენზე
· ევროკავშირი გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს
· „ვგმობთ მზია ამაღლობელის მიმართ პოლიტიზებულ განაჩენს“ – 24 დიპლომატიური წარმომადგენლობა