“მოვითხოვოთ, დაგველაპარაკოს პრემიერ-მინისტრი” – დემონსტრანტები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ

“აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად, პარლამენტთან მიმდინარე ხალხმრავალ საპროტესტო აქციაზე გაჟღერდა გეგმა, რომ დემონსტრანტები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის ადმინისტრაციისკენ და მოითხოვონ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი სთან შეხვედრა. გეგმა, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „საქართველოს ევროპული პლატფორმის“ თანადამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ გააჟღერა.
“ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად მშვიდად, წყნარად წავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. უპირველეს ყოვლისა, გვინდა, გთხოვოთ, ხელის აწევით მოგვცეთ უფლება და მანდატი, წარვუძღვეთ ამ მშვიდობიან მანიფესტაციას. დიდი მადლობა”, – მიმართა მან აქციის მონაწილეებს და მოუწოდა მათ, არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას.
მანამდე, პარალმენტის შენობის წინ შეკრებილმა მოქალაქეებმა მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ “აგენტების კანონის” უკან გასაწვევად ვადა 22:30 საათამდე მისცა. ამის შესახებ სცენიდან აქციის წამყვანმა რატი ამაღლობელმა ისაუბრა, რომელმაც რიტორიკული კითხვა დაუსვა მოქალაქეებს.
“ვსვამ კითხვას, არის თუ არა ჩვენი მოთხოვნა დღეს, რომ დღესვე გატანილ იქნას ეს კანონი უკან?! დღესვე! გააკეთონ პოლიტიკური განცხადება დღესვე, როგორც მაშინ, ერთი წლის წინ“, – თქვა რატი ამაღლობელმა.
პარლამენტის შენობასთან “აგენტების კანონის” გასაპროტესტებლად უკვე მესამე დღეა მოქალაქეები იკრიბებიან.
დღეს, 17 აპრილს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. აგენტების კანონი ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის ევროპულია.
2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან “უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით” ჩაანაცვლა.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა