“მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს მოძალადეების გამოვლენა და დასჯა” – საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერს

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა პრემიერ-მინისტრ ს წერილს უგზავნის და მოუწოდებს, აღასრულოს თავისი მოვალეობა და ქვეყანაში წესრიგი დაამყაროს, აღკვეთოს ძალადობა.
ორგანიზაცია მოითხოვს, დაუყოვნებლად მოხდეს ყველა მოძალადის გამოვლენა და სამართლიანი დასჯა, ასევე, გამოვლინდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ ამ ქმედებების ორგანიზატორები, რომელ ჯგუფს და უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ.
„ბატონო ირაკლი, ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მზარდი შეშფოთებით ვაკვირდებით ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს, როდესაც აქტიურ მოქალაქეებს ჯგუფურად ღიად ესხმიან თავს და უსწორდებიან მოძალადეები. თავდასხმები ხდება მოურიდებლად როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე მათ საცხოვრებლებთან. მსგავსი შემთხვევები თითქმის ყოველდღიურია და აშკარად სისტემურ ხასიათს ატარებს. ძალადობის ტენდენციას ხელს უწყობს პოლიტიკოსების სრულიად მიუღებელი განცხადებები, სადაც დანაშაულის გამართლება ხდება ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში აშკარად წახალისებულიცაა.
კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი ძალადობის ფაქტი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, მიუღებელია, ხოლო მისი გამართლება ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი ქმედებაა, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან.
გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ხელისუფლების, და პირადად თქვენი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, მოვალეობაა ქვეყანაში წესრიგის დამყარება და ძალადობის აღკვეთა. უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საზოგადოებრივი სიკეთეა, რომლის დასამყარებლადაც თქვენ გადმოცემული გაქვთ ყველა სახელისუფლებო ბერკეტი.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლად მოხდეს ყველა მოძალადის გამოვლენა და სამართლიანი დასჯა. ასევე, გამოვლინდნენ და პასუხისგებაში იქნენ მიცემული ამ ქმედებების ორგანიზატორები, რომელ ჯგუფს და უწყებასაც არ უნდა წარმოადგენდნენ.
იმედს ვიქონიებთ, რომ აღასრულებთ თქვენს სამსახურებრივ მოვალეობას, დროულად და დამაჯერებლად დაამყარებთ საზოგადოებრივ წესრიგსა და მშვიდობას განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უმეტეს შემთხვევებში არსებობს ამ მოვლენების ამსახველი კადრები.
საქართველო და მისი მოქალაქეები ვიმსახურებთ მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას,“ – აღნიშნულია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ