“მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს…” – დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან მატჩამდე გასახდელში განვითარებული მოვლენები გაიხსენა
საქართველოს ნაკრების ექიმმა დავით ხარაბაძემ “მთავარი არხის” ეთერში საბერძნეთის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა.
მან გაიხსენა, თუ როგორ მიმართა “ნაპოლის” ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრის დაწყებამდე თანაგუნდელებს.
“მოედანზე გასვლის წინ გადავხვიეთ ერთმანეთს ხელი და ხვიჩა კვარაცხელიამ ასეთი სიტყვებით მიმართა ფეხბურთელებს და ყველას…
ბიჭებო, ჩვენ გუნდში გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან გურამ კაშია, ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა და შესაძლოა, მათ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის მეტი შანსი აღარ ჰქონდეთო…
ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გამარჯვება მოვიპოვოთო! ეს ერთიანობა, შემართება და
ფსიქოლოგიური მდგრადობა იყო ერთ-ერთი საწინდარი, რომ ამ დიდ წარმატებას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ასევე არაფერი იქნებოდა სფფ-ის და სამწვრთნელო შტაბის სწორად მუშაობის გარეშეც”, – თქვა ხარაბაძემ.