მობილური და ვებ ფინტექ აპლიკაცია Adviso ინვოისებისა და ფულის მართვის მენეჯერის ფუნქციონალით ბაზარზე თებერვალში გამოჩნდება, – ამის შესახებ აპლიკაციის დამფუძნებელმა ნიკოლოზ ქოიავამ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე თქმით, აპლიკაციის გაშვება სექტემბერში იგეგმებოდა, თუმცა ეროვნული ბანკის გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე სტარტაპის გეგმების განხორციელება გაჭიანურდა.
“ჩვენი აპლიკაცია სამი ძირითადი ფუნქციონალური მიმართულებით ვითარდება. ესენია: ფულის მართვის მენეჯერის ფუნქცია, ინვოისების მართვის ფუნქცია და ბუღალტრული აღრიცხვის – ე.წ. ღრუბლოვანი ბუღალტერიის ფუნქცია. “ფულის მართვის მენეჯერი” ფუნქციურად დავასრულეთ, თუმცა პირველადი მოდელით ღია ბანკინგში ჩართვა იყო საჭირო, რომელზედაც ეროვნულმა ბანკმა ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით უარი გვითხრა. ალტერნატიული გზით, ანუ ბანკებთან პირდაპირი ჩართვით ვაგრძელებთ მუშაობას. პირველადი მოდელით ღია ბანკინგის ფუნქციონალით აპლიკაცია ნებისმიერ ბანკს უკავშირდებოდა, ახლა კი, თითოეულ ბანკთან ცალ-ცალკე ხელშეკრულებას გავაკეთებთ და ამის შემდეგ შეძლებს მომხმარებელი თავისი გადარიცხვების და ფულის მოძრაობა აკონტროლოს. შესაბამისად, აღნიშნული პროცესი გაგვიჭიანურდა და ვგეგმავთ, რომ სატესტო რეჟიმში აპლიკაცია თებერვალში გავუშვათ.
რაც შეეხება ინვოისების მართვის მიმართულებას, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ავტომატურად დააგენერიროს ინვოისები, შექმნას ზედნადები, გააკეთოს გადარიცხვები და ა.შ. ეს უკვე შექმნილია და ვტესტავთ ჩვენს ერთ-ერთ მომხმარებელთან. მესამე მიმართულებაზე, რომელიც ე.წ. ღრუბლოვანი ბუღალტერიაა ვმუშაობთ, ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ფუნქციონალი აპლიკაციას მაისიდან დაემატება”, – აცხადებს ნიკოლოზ ქოიავა.
სტარტაპის დამფუძნებლის ინფორმაციით, აპლიკაციით სარგებლობა საქართველოს ნებისმიერ წერტილში იქნება შესაძლებელი.
Adviso საქართველოს ბაზრის ათვისების შემდეგ, უცხოურ ბაზრებზე გასვლას გეგმავს.
ცნობისთვის, სტარტაპი Adviso საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.
ბიზნესპარტნიორი