მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ – სახელმწიფო დეპარტამენტი

-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას ჯერ კიდევ აგრძელებენ.
ამაზე მან პირველ ივლისს, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც აშშ-ში ქართველი ოფიციალური პირების ვიზიტების შესახებ შეკითხვა დაუსვეს.
“ამ ბრიფინგის ოთახში საქართველოში მიღებულ ზოგიერთ კანონზე საუბარს დიდი დრო დავუთმეთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ მთელი რიგი საკითხები გვაქვს, რომლებსაც გვინდა, რომ პრიორიტეტი მივანიჭოთ ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში.
რა თქმა უნდა, როდესაც საქმე ამ კონკრეტულ [“აგენტების”] კანონს ეხება, თქვენ მოისმინეთ, როგორც ჩემგან, ისე მეთისგან [მილერი] იმ ბევრი პრობლემის შესახებ, რომლებიც გვაქვს და რომ ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირის მისწრაფებებს.
ჩვენ ჯერ კიდევ გვჯერა, რომ [საქართველოსთან] თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და გვაქვს სხვა საკითხები, რომლებსაც მათთან აუცილებლად განვიხილავთ”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.
აშშ-ში საქართველოდან ოფიციალური პირის ჩასვლაზე ინფორმაცია საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ გაავრცელა. მისი სიტყვებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, აშშ-ში „პერსონალურ შიკრიკად“ ძალოვანი უწყების წარმომადგენელი ჰყავდა გაგზავნილი. „გახარიას კვირაში“ მას არ დაუკონკრეტებია, ვისზე საუბრობდა.
რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ბოლო პერიოდში ძალოვანი უწყებებიდან აშშ-ში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. უწყებაში ამბობენ, რომ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, რომელიც 12 ივნისს იყო, ლილუაშვილი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც შეხვედრებს მართავს ყოველწლიურად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არ უთქვამთ, ვისთან ერთად იყო ლილუაშვილი აშშ-ში.
პარტია „ქართული ოცნების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ამბობს, რომ საქართველოს და აშშ-ს საერთო ინტერესები აქვთ ტერორიზმთან და სხვა საფრთხეების დაძლევასთან დაკავშირებით.
ხელისუფლების წარმომადგენლების აშშ-ში მოგზაურობის საკითხით მედია მას შემდეგ ინტერესდება, რაც ცნობილი გახდა, რომ „აგენტების კანონის“ მიღების გამო სანქცია დაუწესდა მათ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე.
ფორუმი