“მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ჩართულობა შესაბამის ოფიციალურ პირებთან“, – სახ. დეპარტამენტი საქართველოზე

ქართველი ოფიციალური პირების ნაწილისთვის დაწესებული სავიზო შეზღუდვების ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი განმარტავს, რომ “შესაბამის” ქართველ და ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის, ჩართულობა გრძელდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, გზავნის თუ არა ოფიციალური ვაშინგტონი შერეულ გზავნილებს საზოგადოებაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე განმარტავს, რომ არა. ჟურნალისტი გულისხმობდა, ერთი მხრივ, ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ, სავიზო შეზღუდვების დაწესებას და მეორე მხრივ, ნატოს ვაშნგტონის სამიტზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევას.
„როცა საქმე საქართველოს ეხება, და ვიცით, რომ ამ ბრიფინგების ოთახში ბევრი გვისაუბრია საქართველოზე, მათ შორის კანონზე, რომელიც ახლახანს მიიღეს. და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ ჩართულობა საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ კვლავ გვაქვს მთელი რიგი საკითხები, რომლებსაც, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კონტექსში, გვსურ პრიორიტეტი მივანიჭოთ. და რა თქმა უნდა, როცა საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ გსმენიათ ჩემი და მეთიუს [ მეთიუ მილერი, -ის სახ. დეპარტამენტის სპიკერი] საუბარი, იმ პრობლემებზე, რაც გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ეს [კანონი] ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებას. და ჩვენ მაინც გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა და კვლავაც არის სხვა საკითხები, რომლებზეც ეჭვი არ გვეპარება, ჩვენ მათთან ვისაუბრებთ”, – განაცხადა ვედანტ პატელმა, სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ.
მანამდე “ბრუკინგსის” ინსტიტუტში საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ამერიკამ შესაძლოა ახალი ზომები მიიღოს.
„ვფიქრობ, [რეგიონში] ჩვენ გვაქვს როგორც რეალური შეშფოთების [მიზეზი], ასევე რეალური შესაძლებლობებიც. თქვენ ახსენეთ უცხოეთის აგენტის კანონი საქართველოში. ჩვენ და ბევრმა სხვა ქვეყანამ, არა მხოლოდ გამოვხატეთ ჩვენი ღრმა შეშფოთება ამის შესახებ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ის დამტკიცდა, ჩვენ მივიღეთ ზომები ამ შეშფოთების გამოსახატად. მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ უფრო მეტს ნახავთ. მე ვფიქრობ, რომ ეს აშკარად ეწინააღმდეგება იმ ევროპულ მიმართულებას, რომლის მიღებაც საქართველოს სურს და ცხადია, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობას ეს სურს“, – თქვა ბლინკენმა და განმარტა, რომ ვაშინგტონი აცნობიერებს გამოწვევებს, რომელიც არის საქართველოში და რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა დავითულიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე – “სამხრეთ ოსეთსა” და აფხაზეთთან არც “ე.წ.” დაუწერიათ და არაფერი – ასეთ ტექსტს მხარს ვერ დავუჭერდით, თვითონაც არ უნდა შეედგინათ, ოდნავი კომპეტენცია რომ ჰქონოდათ