პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში ოპოზიციასთან შეხვედრა, ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა – საპარლამენტო უმრავლესობას და ოპონენტ დეპუტატებს შორის, განხილვის ერთადერთი თემა, ფრიდონ ინჯიას ინიციატივა იყო, რომლის მთავარი მოთხოვნაც ლამინირებული პირადობის მოწმობით არჩევნებში მონაწილეობის უფლებაა.
ოპოზიცია, საკანონმდებლო პროექტს, 2024 წლის არჩევნებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს, თუმცა შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ მათ “ოცნებისგან” მიიღეს კონკრეტული პირობები, რაც მაქსიმალურად შეამცირებს მსგავსი დოკუმენტის მქონე ამომრჩევლის რაოდენობას.
ერთ-ერთი ბერკეტი არის ის, რომ 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები, ძალა დაკარგულად გამოცხადდეს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ძველი პირადობების ჩანაცვლების პოლიტიკური ნება არსებობს და ამისთვის გონივრული ვადა იქნება განსაზღვრული.
“პოზიტიური ვალდებულებაა ხელისუფლებაზე, რომ კამპანიის ფარგლებში და მათ შორის, უფასოდ შესთავაზოს ამ პირებს ID ბარათის აღება და მაქსიმალურად მოხდეს ძველი პირადობების ჩანაცვლება. მათ თქვეს, რომ ჩანაცვლების პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ამისთვის გონივრული ვადა იქნება განსაზღვრული და ამისთვის, ინტენსიურ კამპანიას დაიწყებს სახელმწიფო. ბუნებრივია, ამას უნდა მოჰყვეს ინიციატივის გაჩერება. თუ ეს ასე არ მოხდება და სინქრონში არ იქნება ეს ორი საკითხი, რა თქმა უნდა აღმოჩნდება, რომ ეს იყო ყალბი დაპირება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
“ევრო-ოპტიმისტების” თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, სავარაუდოდ, ფრიდონ ინჯიას მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც პირველი მოსმენით მიიღეს, გაუქმდება.
“შევთანხმდით, როგორც ოპოზიცია, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, რომ ეს გზა არის სწორი. ისინი დაგვეთანხმნენ, რომ უფასოდ და პირადობის მიტანით მოხდება ამ პროცესის გაგრძელება. რაც შეეხება იმ კანონპროექტს, რომელიც იყო ბატონ ფრიდონ ინჯიას მიერ წარმოდგენილი, რომელიც პირველი მოსმენით მიღებულია და ალბათ გაუქმდება”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
“გირჩის” წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობები გაუქმდეს და ხალხმა ახალი პირადობები აიღოს.
“წავიდა დისკუსია იმ მიმართულებით, რომ 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები საბოლოო ჯამში გაუქმდეს, მათ ნაცვლად, ხალხმა ახალი აიღოს. ამ კანონპროექტის განხილვა, ალბათ, შეჩერდება და შემოვა ახალი კანონპროექტი ან ეს კანონპროექტი გადაკეთდება სხვანაირად”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.