საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ კულტურისა და სპორტის სამინისტროს სასამართლოში დავა მოუგო. სამინისტრო ფედერაციას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა.
მკლავჭიდის ფედერაციის ყოფილი ხელმძღვანელის, სოსო ჯაჭვლიანის შვილის, ლუკა ჯაჭვლიანის თქმით, სასამართლომ დღეს, 26 ივნისს ფედერაციის გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.
“2020 წლის 22 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჩაატარა სხდომა, სადაც განხილული იყო მკლავჭიდის ფედერაციის პრობლემები. ნახსენები იყო გაუმჭვირვალობა და მმართველობაში არსებული პრობლემები.
იმ პერიოდში [2020 წელს] მიდიოდა დავა სამინისტროსა და ფედერაციას შორის, სადაც სამინისტრო უჩიოდა ფედერაციას, ვითომ ფედერაცია არამიზნობრივად ხარჯავდა თანხებს. ამას რეალურად მიზანი ჰქონდა ის, რომ მამაჩემისთვის, სოსო ჯაჭვლიანისთვის მიეყენებინა რეპუტაციული ზიანი, მოგეხსენებათ, ის მაშინ იყო ფედერაციის პრეზიდენტი. მაშინ მიზანს ნაწილობრივ მიაღწიეს.
თუმცა, დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, სადაც ნათლად წერია, რომ არცერთ ნაწილში ფედერაციას არ ცნობს დამნაშავედ. ისე გამოდის, რომ მაშინ არც დაელოდა სამინისტრო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღო უსამართლო, ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება. მაშინ სამინისტრომ მიიღო ცილისმწამებლური გადაწყვეტილება და შეუჩერა დაფინანსება ფედერაციას. არასამართლიანად გადატყდა ჯოხი ფედერაციასა და სპორტსმენებზე”. – თქვა ჯაჭვლიანმა ტაბულასთვის მიცემულ კომენტარში.
ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის შვილის თქმით, დღეს მკლავჭიდის ალტერნატიული ფედერაციის დაარსებას ცდილობენ ის პირები, ვინც 2020 წლის 17 ოქტომბერს ფედერაციის გამგეობის სხდომის ძალადობრივად ჩაშლის მცდელობაში მონაწილეობდნენ. ჯაჭვლიანის თქმით, “დამფუძნებელთა შორის სამინისტროს თანამშრომლებიც არიან”.
“მეორე ნაწილს რაც შეეხება, აქ საუბარი იყო მმართველობაში არსებულ პრობლემებზე. გამგეობის სხდომაზე 2020 წელს შეიჭრნენ პირები, რომლებიც ცდილობდნენ სხდომის ჩაშლას და ფედერაციას ფუნქციონირებაში ხელს უშლიდნენ, ამის ამსახველი კადრები დღემდე იძებნება ინტერნეტში.
დღეს ზუსტად ის ხალხი, ვინც იღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას აყალიბებს ალტერნატიულ ფედერაციას, რომელსაც მხარს უჭერს თვითონ სამინისტრო და არა მხოლოდ მხარს უჭერს, დამფუძნებელთა შორის სამინისტროს თანამშრომლები არიან. ისე გამოვიდა, რომ დაზარალებული ფედერაცია გამოვიდა დასჯილი და ვინც ხელს უშლიდა ფედერაციას ნორმალურად ფუნქციონირებაში ისინი არიან წახალისებულნი”. – ამბობს ჯაჭვლიანი.