ტვ პირველის ინფორმაციით, ექიმები, გლდანის ციხის ადმინისტრაცია და თანამესაკენები 45 წლის ლევან ხიდაშელის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა პატიმრის შველა, ვეღარავინ შეძლო.
ხიდაშლის დედა “მელაძის შაბათისთვის” მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ძალოვანი და სამართალსისტემის გულგრილობამ ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო განაჩენი მაშინ გამოუტანა, როდესაც მძიმე ფსიქიკური აშლილობის მიუხედავად არა ფსიქიატრიულ კლინიკაში არამედ ციხეში გაუშვეს. არ გაითვალისწინეს არც მისი უმძიმესი დიაგნოზი და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ციალა ხიდაშელს ერთადერთი შვილის გარდაცვალების ამბავი გლდანის ციხიდან 2023 წლის 7 ივლისს, მშუაღამეს შეატყობინეს. ამ დროს ლევან ხიდაშელი ქალის მიმართ მუქარის შემცველი შეტყობინების გაგზავნის ბრალდებით 17 დღის დაკავებული იყო.
ყველაფერი კი 20 ივნისს დაიწყო, როდესაც ხიდაშელების სახლში მოულოდნელად ქალაქის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები მივიდნენ და უმძიმეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი კაცის დაკავების სპეცოპერაცია დაიწყეს.
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, დაკავების დროს მისი შვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან წლების განმავლობაში ლევან ხიდაშელი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო რომ სახლიდან დამოუკიდებლად არ გასულა, საკვებსაც კი მხოლოდ დედის დახმარებით იღებდა და ბანაობასაც კი ვერ ახერხებდა. ეს ყველაფერი სამედიცინო დოკუმენტებთან ერთად ქალმა პოლიციას აჩვენა, თუმცა არ დაუჯერეს.
მედიის ცნობით, ლევან ხიდაშელის დიაგნოზი 19 წლიდან შიზოტოპიური აშლილობაა. ამ დაავადების სიმპტომები პანიკური შეტევები, აკვიატება, სოციალური იზოლაცია, სიკვდილი შიში და შფოთვაა.
კაცი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ პოლიციამ ის დამოუკიდებლად წინასწარი მოთავსების იზოლატორშიც კი ვერ გადაიყვანა და მისი ეტაპირება დეიდასთან ერთად მოხდა.
ამ გარემოებების მიუხედავად ლევან ხიდაშელი გაასამართლეს. პროკურატურა სასამართლოს პროცესზე პრაქტიკულად უუნარო კაცზე ამტკიცებდა, რომ თუ არ დააპატიმრებდნენ, ის მიიმალებოდა და მოწმეებზე ზემოქმედებას მოახდენდა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა კი კაცს პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. ადვოკატი ვარაუდობს რომ მგელიაშვილმა საქმე არ წაიკითხა და ბრალეულის მდგომარეობა ვერ შეაფასა. რაც ასევე დანაშაულია.
თუმცა, გარდაცვლილი ლევან ხიდაშელის საქმის პროკურორი, ლაშა გამყრელიძე “შაბათში ეთერთან” ინტერვიუში არ უარყოფს რომ სხდომათა დარბაზში შესული ლევან ხიდაშელის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ეჭვები მის შერაცხადობასთან დაკავშირებით თავადაც გაუჩნდა. ამ მიზეზით გადაწყვიტა, საგამოძიებო უწყებამ დაკავებიდან მეორე დღეს ხიდაშელისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნა. ამ დროს გამოძიებას დაკავებულის დედის ჩვენებაც ჰქონდა, რაც კაცის უუნარობას კიდევ ერთხელ ადასტურებდა.
შესაბამისად, მაშინაც კი, საქმის მასალები რომც არ წაეკითხა, მოსამართლეს კაცის მდგომარეობა პროცესზე ვერ შეემჩნია, თითქმის გამორიცხულია, მიუხედავად ამისა, მან მაინც დააკმაყოფილა აღკვეთის მოთხოვნა.
ლევან ხიდაშელი გლდანის ციხეში გადაიყვანეს – ადამიანი, რომელსაც მარტოობის შიში ჰქონდა, რატომღაც ჯერ დეესკალაციის ოთახში მარტო გამოკეტეს, მეორე დღეს კი საკანში შეასახლეს. ამ დროს უკვე ცნობილი იყო, რომ ლევან ხიდაშელის ჯანმრთელების მდგომარეობა უმძიმესი იყო.
მედიის ცნობით, 26 ივნისს ლევან ხიდაშელის ექსპერტიზაზე გადაყვანა პენიტენციურ სამსახურს დაევალა, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება, არც რატი ბრეგაძის უწყებამ აღასრულა დროულად და მხოლოდ 3 ივლისს გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, ბიუროში მისულმა პატიმარმა კი ექიმებს შემზარავი რეალობა მოუყვა.
ორდღიანი დაკვირვების შემდეგ, ლევან ხიდაშელი სამხარაულის ბიუროდან უკან გლდანის ციხეში დააბრუნეს და ისევ საკანში გამოკეტეს.
დედა ამბობს, რომ დღეების განმავლობაში ის საკვებს საერთოდ არ იღებდა და უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ითხოვდა კლინიკაში გადაყვანას, თუმცა არავინ უსმენდა.
ასეთ მდგომარეობაში 45 წლის კაცმა 17 დღე გაატარა – ტრაგედია კი 54 -ე საკანში 7 ივლისს ექვს საათზე დატრიალდა.
45 წლის პატიმრის სიკვდილის შემდეგ სამხარაულის ექსპერტიზამ დაადასტურა ის, რასაც ოჯახი და თავად ბრალდებული ამტკიცებდნენ და არავინ მოუსმინა – ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა რომ – ხიდაშელი დანაშაულის ჩადენის დროს შეურაცხადი იყო – მისი ციხეში იზოლაცია კი დაუშვებელი.
ამ გარემოების გამო ლევან ხიდაშელის დედა და ადვოკატები პენიტენციური სამსახურის მედპერსონალის, ციხის ადმინისტრაციის, პროკურორების, მოსამართლის და გამომძიებლების დასჯას ითხოვენ.
იურისტები ამბობენ, რომ 45 წლის პატიმარი სისტემის გულგრილობას შეეწირა. ამის დამტკიცებას კი ევროსასამართლოში აპირებენ.
მაშინ, როცა არსებობს დასკვნა, რომ პირის ციხეში ყოფნა იყო დაუშვებელი, მაშინ როცა ოჯახს ჰქონდა დიაგნოზი პირის, რომელიც დააკავეს, მაშინ როცა პენიტენციური სისტემა ხედავდა რომ ვერც მის გამოკვებას და ვერც მისი ჯანმრთელობის უზრუნველჰყოფას ვერ ახერხებდა, მაშინ როცა მოსამართლეს ყველა საფუძველი ჰქონდა იმისათვის, რომ აღმკვეთი ღონისძიება არ შეეფარდებია – ეს ვერ იქნება საკანში გარდაცვალება, თუ ეს საკანში გარდაცვალებაა, მაშ, მკვლელობა რაღაა?