ევროკავშირის პრესსპიკერი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანუარ ელ ანუნი ევროკავშირის სახელით განცხადებას ავრცელებს საქართველოს ხელისუფლების „დეზინფორმაციაზე“.
ამავე განცხადებაში ევროკავშირი წერს:
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოში ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ განხორციელებულ პირად თავდასხმებს. ელჩი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განმტკიცებაში“.
ევროკავშირის განცხადებით, პაველ ჰერჩინსკი „ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს“.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ ფიგურას, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, თავი აარიდონ პროვოკაციულ პირად თავდასხმებს და იმუშაონ ქვეყნის მოსახლეობის ევროპული მომავლისთვის“, – წერია 25 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.
„ოცნების“ ლიდერები ელჩზე
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი განცხადება გააკეთეს ელჩ პაველ ჰერჩინსკიზე. ევროკავშირზე განცხადება გაავრცელა საპატრიარქომაც.
„ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ 24 ივლისს.
„ჰერჩინსკი არის ტრაგიკული პიროვნება, მას არ აძლევენ ელჩად მუშაობის საშუალებას“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 23 ივნისს.
„როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პიროტექნიკის დამმიზნებელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ მოლოტოვი არ უსვრია ერთს ან წიხლით პოლიციელზე არ შემდგარა მეორე. ის დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს“, – დაწერა ფეისბუკზე სადავო პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა 19 ივლისს.
მანამდე ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის გზაზე დაბრუნების ერთადერთი გზა „რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებაა“.
ევროკავშირის განცხადება
25 ივლისის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ „ევროკავშირი საქართველოს თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორია“:
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, კვლავ ადასტურებს ურყევ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ადასტურებს მზადყოფნას, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
„ბოლოდროინდელი განცხადებები, რომლებიც შეიცავს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირი ცდილობს საქართველოს დესტაბილიზაციას, ომში ჩათრევას ან ე.წ. „არატრადიციული ღირებულებების“ თავს მოხვევას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის განზრახ მცდელობას წარმოადგენს“, – განაცხადა ევროკავშირმა.
ფორუმი
