მიხეილ ყაველაშვილმა, 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, “უცხო სპეცსამსახურების დავალებით მართული” უწოდა 4 ოქტომბერს თბილისში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განვითარებულ მოვლენებს, რის გამოც უკვე დააკავეს ორგანიზატორები, მათ შორის, ოპერის მომღერალი, პაატა ბურჭულაძე.
უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის არჩეულმა პრეზიდენტმა 5 ოქტომბერს მოუწოდა სახელმწიფო ინსტიტუტებს, განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინონ მათ მიმართ, ვინც ხალხს დამხობისა და ძალადობისკენ მოუწოდებს.
„საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ უცხო სპეცსამსახურების დავალებით მოქმედი ძალები და ამას თვალყურს ადევნებდა ჩვენი საზოგადოება – თუ როგორ იქცეოდნენ აქ, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. დაამსხვრიეს, დალეწეს გარშემო არსებული ღობე და ის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც ყოველ დღე ვხედავთ უამრავ მოქალაქეს და ტურისტს, რომლებიც სარგებლობენ ამ სილამაზით და ნახა საზოგადოებამ, როგორი განადგურებული იყო გუშინ ეს ყველაფერი და ეს არავის უნდა ეპატიოს. უცხო სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის შერჩება და იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ყაველაშვილმა. მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოები მაღალი სტანდარტით მოქმედებდნენ.
ყაველაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის ეზოში აქციის მონაწილეების შეჭრისას, მას შენობა არ დაუტოვებია; ხოლო შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადგილსამყოფელი არ უნდა გამჟღავნდეს – უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე.
“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, 5 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება “ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალის” – “კოლექტიური ნაცმოძრაობის” ბოლომდე გასანეიტრალებლად.
“ოცნების” წარმომადგენლებმა ახლო წარსულში არაერთხელ განმარტეს, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობად”, უშუალოდ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარდა”, თვლიან სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც: “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ლელო – ძლიერ საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის”.
კობახიძემ ბრიფინგზე ასევე განმარტა, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობაში” ასევე გულისხმობენ “ყველა უცხოელ აგენტსა” და “ექსტრემისტულ დაჯგუფებებს”.
მისი თქმით, სწორედ ექსტრემისტული დაჯგუფებების ჩართულობით იკეტებოდა ქუჩა 50, 100 თუ 150 ადამიანის მიერ “გასული ერთი წლის განმავლობაში”.
“რა თქმა უნდა, ეს არასწორია – არ შეიძლება, რომ 110-მა კაცმა მილიონ ასიათას კაცს გადაუკეტოს ქუჩა”, – ამბობს კობახიძე. “ექსტრემისტული დაჯგუფებების” მიზანი, მისი განმარტებით, იყო “სახელმწიფოს დაზიანება, ქვეყნის დაზიანება, ეკონომიკის დაზიანება”.
· 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად, მოძრაობამ “რუსთაველის” გამზირი დაგეგმა “სახალხო კრება”, რომლის მიზანსაც – “მშვიდობიანი რევოლუცია”, “მშვიდობიანი დამხობა” წარმოადგენდა. ეს ღონისძიება ხალხმრავალი იყო.
· მოქალაქეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ხოლო საორგანიზაციო ჯგუფის წარმომადგენლის, მურთაზ ზოდელავას გამოსვლის შემდეგ, ნაწილმა, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ გადაინაცვლა და რამდენიმე ადამიანმა ეზოს ჯებირიც გაარღვია.
· შს სამინისტრომ 4 ოქტომბერს დააკავა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
ფორუმი
