ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა შინდისის გმირებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ქართველი მოზარდები სწორედ შინდისის გმირების თავდადებული მაგალითების საფუძველზე უნდა აღიზარდონ.
„ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს. ასეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია. კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო. მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაჟკაცეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე, იმდენად სამაგალითო გმირობა ჩაიდინეს. დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
მან არა მხოლოდ შინდისის გმირებზე, არამედ 2008 წლის აგვისტოში დაღუპულ მებრძოლებზე და მათ გმირობაზე ისაუბრა.
„კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო თითოეულ მათგანს, ასევე მშვიდობიანი მოქალაქეებიც დაიღუპნენ. ყველა ამ ადამიანს მინდა პატივი მივაგოთ, მარადიული ხსოვნა მათ. ეს იყო ადამიანების საქციელი საკუთარი სამშობლოს დაცვისთვის და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ, რომ ეს აღვნიშნოთ. შინდისის გმირები არის მარადიული მაგალითი. ჩვენი მოზარდები სწორედ მათი ქმედების საფუძველზე უნდა აღიზარდონ. ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა. ყველას უნდა გვახსოვდეს ამ ბიჭების გმირობა, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მივუდგეთ ყველა ჩვენგანი ჩვენი სამშობლოს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მათი ქმედება არის აუცილებელი, გამაერთიანებელი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
