როცა ატყდა ამ თემაზე ერთი ამბავი, თითქოს პროტესტის მთავარი მოტივატორი იყო ის, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დროებით აჩერებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველა მოლაპარაკებას, ჩვენ მზად ვიქნებით 2028 წლისთვისო – ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! არ მოგისმინა, იმიტომ, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი ,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გამოქვეყნებულ წერილს, რომელიც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.
ყაველაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების შეჩერებას ევროკავშირს კი არ აბრალებენ, არამედ ფაქტებზე საუბრობენ.
„როცა ატყდა ამ თემაზე ერთი ამბავი, თითქოს პროტესტის მთავარი მოტივატორი იყო ის, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დროებით აჩერებს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ყველა მოლაპარაკებას, ჩვენ მზად ვიქნებით 2028 წლისთვისო – ამ საკითხის ირგვლივ ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, რომ როცა შეჩერებაზეა საუბარი, ჯერ კიდევ ივნისის თვეში იყო გაცხადებული ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ ვინ მოგისმინა?! არ მოგისმინა, იმიტომ, რომ ეს იყო ხელოვნურად შექმნილი პროცესი. მთავარი რა არის, რომ ჩვენმა საზოგადოებამ მოუსმინოს ხელისუფლებას და რეალურად შეაფასოს. არავინ არ სთხოვს იმ საზოგადოებას, რომ გინდა თუ არა მომხრე იყავი ამ ხელისუფლების, მაგრამ რეალობის აღქმა, სამართლიანობის განცდა, შენი სახელმწიფოს მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება უნდა გქონდეს და შეფასებაში იყო ობიექტური, ვინ რა განცხადებას აკეთებს. გული გვწყდება, რომ რიგი ადამიანებისა არიან დეზინფორმაციის ან ორმაგი სტანდარტის მსხვერპლი და აგრძელებენ მსხვერპლშეწირვას თავისდა საზიანოდ, მაგრამ საქართველო პარალელურ რეჟიმში აგრძელებს განვითარებას.“- განაცხადა ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მინისტრის მოადგილის სახელზე 2025 წლის 5 ნოემბერს გაგზავნა წერილი, სადაც იუწყება, რომ „საქართველოს მონაწილეობა შეუჩერეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ რეგიონულ პროგრამებში უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით“. მათივე ცნობით, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ასევე წერს: „საქართველოში არსებული განსაკუთრებული გარემოებების გათვალისწინებით და 2024 წლის 27 ივნისის ევროპული საბჭოს დასკვნების თანახმად, რამაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება გამოიწვია, გაცნობებთ, რომ საქართველოს მონაწილეობა შემდეგ ევროკავშირის დაფინანსებულ რეგიონულ პროექტებში, უსაფრთხოებისა და ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით, შეჩერებულია“.




