მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანის დღეზე: თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ

მიხეილ ყაველაშვილი ვეტერანის დღეზე: თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ
„ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში, გილოცავთ ვეტერანის დღეს! ქართველი ხალხის სახელით დიდ მადლობას გიხდით იმისთვის, რომ ყველაზე რთულ დროს დაიცავით ჩვენი სამშობლო. დღევანდელი დღე, რომელიც ქართველ ვეტერანებს გეკუთვნით, კიდევ ერთი შეხსენებაა, რომ განსაკუთრებულად უნდა მოვუფრთხილდეთ, იმ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელსაც გმირულად იცავდით და დღემდე იცავთ“,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარე , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საპატრიარქოს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას მშვიდობისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამის ფასი ყველაზე უკეთ ვეტერანებმა იციან.
„ჩვენ პატარა, მაგრამ ღირსეული და ამაყი ერი ვართ, რომელმაც კარგად იცის მშვიდობისა და თავისუფლების ფასი. ჩვენმა ისტორიულმა გამოცდილებამ, მრავალსაუკუნოვანმა ქარტეხილებმა, ისიც კარგად გვასწავლა, რომ ქართველი კაცისთვის აღნიშნული ცნებები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა – მშვიდობისთვის ბრძოლასაც გულისხმობს, ხოლო მშვიდობის დაცვა, საკუთარ თავში, თავისუფლების დაცვასაც მოიაზრებს. ყველაზე უკეთ სწორედ თქვენ იცით მოპოვებული მშვიდობისა და თავისუფლების ფასი, ისევე, როგორც ის, რომ ამ მონაპოვრის შენარჩუნებას ყოველდღიური სიფხიზლე და სიფრთხილე სჭირდება, რაც ურთულესი და ხანგრძლივი პროცესია. საქართველო გმირების ქვეყანაა და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი თქვენ ხართ. თითოეული ჩვენგანის ვალია ყოველთვის გვახსოვდეს თქვენი თავგანწირვა“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მიხეილ ყაველაშვილმა სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.
„ვისარგებლებ შემთხვევით და პატივს მივაგებ სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნას. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს შემოვუნახოთ ცოდნა თქვენი გმირობის შესახებ, რადგან ჩვენი შვილების სწორი ღირებულებებითა და ფასეულობებით აღზრდა, მათში ეროვნული სულისკვეთების გაღვივება, საქართველოს ნათელი მომავლისა და მყარი სუვერენიტეტის მთავარი გარანტიაა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ვეტერანების გვერდში დგომაა. მიხეილ ყაველაშვილმა მათ ქართველი ხალხის სახელით ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.
„სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თქვენს გვერდში დგომაა, რაც უკვე არაერთი წელია, საქმით დასტურდება. თქვენი ამაგი ქართველი ერისა და საზოგადოების წინაშე ფასდაუდებელია, შესაბამისად, საზოგადოებას ყოველთვის უნდა ახსოვდეს და აფასებდეს თქვენს ღვაწლს, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ვეტერანის დღეს და უდიდეს მადლობას გიხდით ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს და ჩვენი მფარველი“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონკრეტული გამყალბებელი, ვინც გადადგა გაყალბების გამო, დაასაქმა სწორედ „ევროპულმა პლატფორმამ დემოკრატიული არჩევნებისთვის“, როდესაც ეს ორგანიზაცია არის მთავარი საარჩევნო ფეიკის მფარველი, მის განცხადებას ვერავითარი ფასი ვერ ექნება

დავით ჩიხელიძე პრემიერის ინიციატივაზე: ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის ან თელავის სრულფასოვან საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბება არა მხოლოდ განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის, არამედ ეკონომიკურ გააქტიურებასაც გამოიწვევს