მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვახშამზე შეხვდა და უთხრა, რომ „დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს”.
მისივე თქმით, ტრამპი მას „დაჰპირდა, რომ ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყების საკითხს დაუბრუნდება“. ყაველაშვილის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„საზოგადოებას ალბათ ვახშამი აინტერესებს, რომელიც გამართა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა. მას განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს. დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ თემას და დამიკავშირდება. დაველოდოთ მის პასუხს. გვქონდა სხვა არაერთი სხვა შეხვედრაც ადმინისტრაციასთან, ვაჭრობის მდივანთან“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ნიუ-იორკში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ის გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოებით 11 წუთის განმავლობაში ყაველაშვილმა რამდენიმე თემაზე ისაუბრა, მათ შორის საქართველოს ისტორიაზე, „მშვიდობის შენარჩუნებაზე“, ეკონომიკურ ზრდაზე, 2008 წლის ომსა და უკრაინაში მიმდინარე ომზე, მიმართა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს.
ყაველაშვილმა გამოთქვა დიალოგის მზაობა ყველა მხარესთან, თუმცა თქვა, რომ „ვითხოვთ სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას“.