მიხეილ სარჯველაძე – სამწუხაროა, როდესაც არასამთავრობო სექტორი მეტწილად გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და ყველანაირი სახე აქვს დაკარგული

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის ნაწილი მეტწილად გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და ყველანაირი სახე აქვს დაკარგული.
მან თელავში „დემოკრატიის ფესტივალის“ ჩატარება შეაფასა, რომელშიც პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო სექტორი მონაწილეობდნენ.
მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, ეს სამწუხარო ქართული რეალობაა.
„მგონი, ყველა კარგად ხვდება, რომ ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო, პარტიული აქტივობის ნაწილი. სამწუხარო თვალის სადევნებელია, როდესაც არასამთავრობო სექტორი მეტწილად გადართულია პოლიტიკურ აგიტაციაზე და პრაქტიკულად, ყველანაირი სახე აქვს დაკარგული იმ თვალსაზრისით, რომ ის ნეიტრალურ სამოქალაქო სექტორად ითვლებოდეს. სამწუხაროა, ამის თვალის დევნება, მაგრამ, ეს სამწუხარო ქართული რეალობაა“, – განაცხადა სარჯველაძემ.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა, რომელმაც ანაკლიის პორტთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიმდინარე საქმეზე დავა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყო ქცეული.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურებს ამუნათებდნენ და პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყო ქცეული ამ პოლიტიკური ძალის ხელში მიმდინარე დავა. მთავარი პოლიტიკური განაცხადი აბსოლუტურ სიყალბეზე დაფუძნებული აღმოჩნდა. ეს გაიგო საზოგადოებამ. ის, რასაც საზოგადოებას წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, უბრალოდ, მტკნარი ტყუილი აღმოჩნდა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეუფე შიო – წმინდა მოწამეები ქრისტეს მტკიცე და შეურყეველი რწმენის მაგალითები არიან – უნდა მივბაძოთ მათ, ამიტომ უნდა გვრცხვენოდეს, როდესაც ვავლენთ სულმოკლეობას და გვეშინია მაშინ, როდესაც შიშის ადგილი არ უნდა იყოს