ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ონკოპაციენტები მასთან შეხვედრას ითხოვენ, ამასთან მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას და 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაზრდას მოითხოვენ.
როგორც მინისტრმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, თავდაპირველად ონკოპაციენტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდა მუშაობა, რაც კომპლექსური და რთულია.
„შეიძლება, ვერ შევძლო ინდივიდუალურად ყველა პაციენტთან შეხვედრა, მაგრამ ამ საკითხებზე არცთუ ისე დიდი ხნის წინ გვქონდა შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდით, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდა მუშაობა. სამწუხაროდ, არ არის ისეთი საკითხები, რომელსაც შეიძლება პრიმიტიული გადაწყვეტილება მოეძებნოს, ვინაიდან კომპლექსური და რთულია. საკითხს მხოლოდ ცალმხრივად ვერ შევხედავთ, ვცდილობთ სამართლიანი და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც მდგრადი იქნება და არა სპონტანური გადაწყვეტილება, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობა“, – აღნიშნა მინისტრმა.
ცნობისთვის, მიმდინარე კვირას „მინდა ვიცოცხლო“ – ამ სლოგანით ორგანიზაცია „კავშირი სიცოცხლისთვის“ წევრები და ონკოპაციენტების ნაწილი თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, სადაც ონკოპაციენტების ჯანმრთელობის უფლების დასაცავად მიმართული მოთხოვნები კიდევ ერთხელ საჯაროდ გააჟღერეს.
ისინი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ.
ონკოპაციენტების განმარტებით, ძირითადი ცვლილებების გატარების მოთხოვნა კვლავ ძალაშია. კერძოდ, ისინი მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და ონკოპაციენტების სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვენ.