მიხეილ სარჯველაძე ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ კითხვაზე – მეჩვენება, რომ ხშირად, როცა ასეთი ინიციატივები დგება, საკუთარი თავისთვის დივიდენდების მოპოვების მცდელობა და საკუთარი პოზიციების დემონსტრირება მეტია, ვიდრე ნამდვილი გულშემატკივრობა

მეჩვენება, რომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც ასეთი ინიციატივები დგება, საკუთარი თავისთვის დივიდენდების მოპოვების მცდელობა და საკუთარი პოზიციების დემონსტრირება უფრო მეტია, ვიდრე ნამდვილი გულშემატკივრობა, რომ რეალურად მოხდეს იმ შედეგის მიღწევა, რასაც დამნაშავე პირთა დასჯა ჰქვია, – ეს განცხადება უმრავლესობის დეპუტატმა მ ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტართა რეზოლუციაზე დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.
როგორც სარჯველაძემ განმარტა, ის ამ კონტექსტში „ზოგად ტენდენციაზე საუბრობს, როცა არსებობს გარკვეული ადამიანების მცდელობა, თემა საკუთარი დივიდენდებისთვის გამოიყენონ, ხოლო რეალური შედეგების მიღწევა მეორე ხარისხოვანია“.
„ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ, ოღონდ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ასეთ შემთხვევებში ზედმიწევნით რაციონალურობა და სიფრთხილე გვმართებს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ოღონდ გაკეთდეს ისე, რომ კონტრპროდუქტიული არ აღმოჩნდეს – ასეთია ჩვენი დამოკიდებულება. ვინც ამას იზიარებს და ეთანხმება, მივესალმები“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.