აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჯანდაცვის მიმართულებით არსებობს პერსპექტივები, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, რომლებთანაც თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა საუბრისას აღნიშნა, აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოსთვის გამორჩეული შესაძლებლობაა, რომ საკუთარი პოზიციონირება მოახდინოს, როგორც რეგიონის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ.
„ჩვენი დედაქალაქი მართლაც ძალიან გამორჩეულ მოვლენას მასპინძლობს, როგორადაც დაიმკვიდრა სახელი აბრეშუმის გზის ფორუმმა. მეხუთედ ტარდება ჩვენს ქვეყანაში და მართლაც ღირსშესანიშნავ თარიღად იქცა ბიზნესწრეებში, პოლიტიკურ წრეებში. მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, ხელისუფლებებს შეუძლიათ ისაუბრონ იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც იძლევა აბრეშუმის გზის ფორმატში საერთაშორისო თანამშრომლობა.
ყველა ის პერსპექტივა განიხილება დღეს საქართველოს დედაქალაქში, რომლითაც შესაძლებელია ისარგებლოს არაერთმა დედაქალაქმა თანამშრომლობის გაღრმავებითა და გაძლიერებით. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც გამორჩეული შესაძლებლობაა, რომ საკუთარი პოზიციონირება მოახდინოს როგორც რეგიონის ერთ-ერთმა მნიშვნელოვანმა ქვეყანამ. საზოგადოდ, ეს პლატფორმა იძლევა შესაძლებლობას ყველა მიმართულებისთვის, რომელ მიმართულებასაც არ უნდა ეხებოდეს ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური კუთხით. რა თქმა უნდა, გამონაკლისი ვერ იქნება ვერც ჯანდაცვის მიმართულება. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, რომ არსებობს პერსპექტივები, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, ორგანიზაციებს, სახელმწიფოებს, რომლებთანაც თანამშრომლობის გაღრმავება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
