საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ მის მიერ 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში ნიკა მელია არ უგულისხმია.
სააკაშვილის თქმით, ის ძალიან აფასებს ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით გადაიხადეს.
„რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, ჩემს 2 ნოემბრის პოსტში ის არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები, იქ არაფერი მსგავსი, რაზეც ნიკა საუბრობს არ წერია.
იგივე ეხება ჩემს მეორე მეგობარ ნიკა გვარამიას, ძალიან ვაფასებ ორივე ნიკას მრავალწლიან ბრძოლას, რომლისთვისაც ფასი გადაიხადეს ორჯერადი პოლიტპატიმრობის სახით. ბოლოჯერ იმის გამო მოხვდნენ ციხეში, რომ ღალატის კომისიასთან დაკავშირებით დაიკავეს ღირსეული პოზიცია.
წითელი ხაზი, ამ დროს როცა საერთო მტერია დასამარცხებელი, არაფერ შუაშია, ზოგადად, ამ რთულ მომენტში მხოლოდ უპირობო ერთიანობა გადაგვარჩენს და ნამდვილად დიდი შეცდომა იქნებოდა ერთმანეთზე თავდასხმა.
ქვეყანაა გადასარჩენი და პირად ემოციებზე აყოლას და ეგოების შეჯიბრს, ამ კრიტიკულ მომენტში, ისტორია არ გვაპატიებს.
ჩემი სამი კვირის წინანდელი პოსტი ეძღვნებოდა გილაურების კლანის ან ნებისმიერი სხვა სახის ივანიშვილთან დაკავშირებული „ბიზნესმენების“ პოლიტიკასთან არ მიშვებას და მე მყარად ვდგავარ ამ პოზიციაზე. გამარჯვების შემდეგ, უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქების პოლიტიკაში არ დაშვების შესახებ ( ასეთი მიღებული კანონის ერთ-ერთი თანაავტორი ვარ უკრაინაში)
მთლიანობაში, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, რომ ერთიანობას უბრალოდ არ აქვს ალტერნატივა, „ვარდების რევოლუციამ“ გაიმარჯვა სწორედ განსხვავებული ლიდერების ერთობით. კარგია, რომ პარტიების წარმომადგენლებმა ძალიან თავშეკავებული კომენტარი გააკეთეს ამ ამბავზე.
ისე ჩემო ნიკა, 1 ჰექტარზე კი არა, ერთი საკნის დაშორებით ვიმყოფებით, საპყრობილის მე-3 სართულზე და შეგვეძლო აქაც გაგვერკვია ნებისმიერი გაუგებრობა.
თავისუფლება ნიკა მელიას და ყველა პოლიტპატიმარს!“ – წერს სააკაშვილი და ნიკა მელიასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.
ცნობისთვის, გუშინ, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ, საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები“. „მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ”, – განაცხადა მელიამ სასამართლო პროცესზე. მისმა განცხადებამ დატოვა შთაბეჭდილება, რომ ის სწორედ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გულისხმობდა.
თავის მხრივ, შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 2 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს მისი ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურზე და აცხადებს, რომ გილაურმა „თავისი“ ფული ჩადო საარჩევნო კამპანიაში იმ პირობით, რომ არ მოხდებოდა პარტიების გაერთიანება, ჩაიარა არჩევნებმა, „მთავარი არხი“ დაიხურა, „გილაურიც აორთქლდა და გადაერთო ივანიშვილის ლობირებაზე დასავლეთში“.
„დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო „ადგილობრივ არჩევნებშიც“ აამოქმედა ივანიშვილმა ფინანსური ბერკეტები და ახლაც კარგად აცხოვრებს იმ პერსონაჟებს, (აბა რით ირჩენენ თავს?) რომელთა მთავარი დავალებაა „არა მიშას ძახება“, თან ისე რომ ივანიშვილი პრაქტიკულად აღარც ახსენდებათ“, – წერდა მიხეილ სააკაშვილი.




