მიხეილ სააკაშვილი – „ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, რომელიც იქნება გარდამავალი და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ

მთავრობას წინასწარ გამოცხადებული აქვს, რომ ისინი არჩევნებს აყალბებენ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების|“ ხელისუფლება უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს , რომელიც იქნება გარდამავალი და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ.
„ამისთვის ჩვენ ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე. მანამდე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საარჩევნო ცვლილება ვაიძულოთ, საერთოდ ვაიძულოთ ეს მთავრობა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, ტექნიკურმა, გარდამავალმა, რომელიც იქნება საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, რომლის ასე თავიდან აცილება უნდა ოლიგარქს და მის ბანდას. ახლა ყველა ადამიანისთვის დგება სიმართლის მომენტი. ხვალ და ზეგ თუ ისევ გავაგრძელებთ განსხვავებებზე ლაპარაკს, თუ ისევ გავაგრძელებთ: „იმასთან არ შევჭამ, იმასთან არ დავჯდები, იმასთან არ ვილაპარაკებ და ერთად არ ვიბრძოლებ“, მაშინ რა დაგვრჩება? მაშინ აღარაფერი აღარ ვიქნებით. ყველა სათითაოდ განადგურდება და გაცამტვერდება. ნუთუ ამის გაგება ასე ძნელია? ჯერ ვართ ბრძოლის საწყის ეტაპზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან საპროტესტო აქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მძლავრი გამოღვიძება არის საქართველოში.
„დიდი ძალის გამოღვიძება ხდება. მიმაჩნია, რომ ეს ახალგაზრდები უკვე ლიდერები არიან. უნდა შეეგუოს ყველა, რომ მათ უნდა მისცენ საშუალება, წინ გამოვიდნენ. მათ უნდა მივცეთ საშუალება, პირდაპირ ელაპარაკონ საერთაშორისო თანამეგობრობას. ჩვენ დავეხმარებით რჩევებით, მათ შორის ჩვენს შეცდომებზე, ჩვენს მიღწევებზე საუბრებით, მაგრამ საბოლოოდ, ერთობას ალტერნატივა არ აქვს. ახლა ლუციფერი, რომელიც დაპატრონებულია საქართველოს, გვყოფს, მაგრამ ერობით გაგვაძლიერებს და გაგვამარჯვებინებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ერთობისკენ გზას ვიპოვით. ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი დავთმო და ყველაფერს შევუწყო ხელი. ბოლოს და ბოლოს, ჩემი სიცოცხლე დავთმე ამ ერთობისთვის და იმისთვის, რომ მოძრაობა დაწყებულიყო. ნათლად ვხედავდით, სად მიათრევდნენ საქართველოს და რას გვიპირებდნენ, ამაზე ვსაუბრობ ამდენი წელია. კარგით, ვიღაცას არ უნდოდა სააკაშვილის მოსმენა და დღესაც არ უნდა, თქვენ ვისი მოსმენა გინდათ? თქვენ მიაწვდინეთ დანარჩენებს ხმა“, – განაცხადა სააკაშვილმა.