ახლა ერთობა არის მთავარი. სასოწარკვეთაში ვვარდები ხოლმე, როდესაც იწყებენ ლაპარაკს ისევ პარტიულ განსხვავებებზე. მეგობრებო, რა დროს პარტიული განსხვავებებია? ქვეყანას ვკარგავთ, საქართველო იღუპება, საქართველო აღარ იქნება მსოფლიო რუკაზე, ვის გაახსენდება თქვენი პარტიები და თქვენი პროგრამები? – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
მან პოლიტიკურ სპექტრს და საზოგადოებას ერთობისა და აქტიურობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ დღეს, როგორც არასდროს გვჭირდება ყველა განსხვავების, ყველა წყენის დავიწყება. მინდა ვუთხრა იმ ხალხს, ვინც ყოველთვის ხმას აძლევდა ივანიშვილს – ცხვრებს პირდაპირ უფსკრულისკენ მიერეკებიან, გამოეყავით ამ ფარას, ნუ იქნებით ცხვრები, ყველამ ერთად ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ხედავთ საქართველოს მომავალს, განვითარებას თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. თქვენს თავზე იფიქრეთ, თუ ქვეყანაზე არ ფიქრობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანაზე ფიქრობთ და ქვეყანა გიყვართ. როდესაც არ გვქონდა ერთობა, შევარდნაძე იძულებული იყო ქვეყანა დსთ-ში შეეყვანა, მაშინ რუსეთი არ იყო საკმარისად ძლიერი, რომ მთლიანად ჩავეყლაპეთ. აი, ახლა უკვე ჩაგვყლაპავს“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ახლა ნებისმიერ დათმობაზე წასვლის დროა, მათ შორის სააკაშვილის თქმით, შესაძლოა, ეს იყოს საერთო სია და ნეიტრალური საარჩევნო ნომერი.
“ჩემი მოწოდება არის ერთობისკენ. ჩვენ ვართ მზად ნებისმიერ დათმობაზე წასვლისთვის: ნეიტრალური ნომერი, საერთო სია. ყველამ უნდა გავაგონოთ საქართველოს ხმა მთელ მსოფლიოს იმიტომ, რომ მსოფლიო აღტაცებით უყურებს საქართველოს. რამდენად აქტიური ვიქნებით, მით უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ერთიანი და მტკიცე ძალა არის ის, რაც აიძულებს მთავრობას, რომ გადადგას ნაბიჯები.
„მათ გვითხრეს, რომ ქვეყანა უნდა დაამშვიდონ. ქვეყნის დამშვიდება არის დიქტატურის ახალი განმარტება. სიმშვიდე, როგორც მათ უნდათ, არის სასაფლაოზე. მათ უნდათ საქართველოს მოკვლა და ამგვარი დამშვიდება. ქვეყანას დაეუფლნენ ყაჩაღები და ისინი აპირებენ, როგორც თვითონ ამბობენ, “ქვეყნის დამშვიდებას”, ე.ი ყელის გამოჭრას საქართველოსთვის და თითოეული მის მცხოვრებისთვის, მომავლის ყველა გზის გადაკეტვას“, – განაცხადა სააკაშვილმა.