საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული – ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
სააკაშვილი საუბრობს რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე და აცხადებს, რომ გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ „ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო“.
„ის, სრაც ხდება სამხრეთ კავკასიაში, არის პირდაპირი შედეგი რუსეთის დასუსტების უკრაინაში.
წარუმატებელი ომის შემდეგ, პაშინიანმა სომხეთში გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე 2011-2012 წელს, დაიჭირა სომხური ივანიშვილი, მილიარდერი კარაპეტიანი. პაშინიანმა ოფიციალურად აიღო კურსი ევროკავშირის წევრობაზე.
ბაქომ დაიწყო თანამშრომლობა ნატო-სთან, აზერბაიჯანი რუსეთში ხედავს პირდაპირ საფრთხეს და აქტიურ ნაბიჯებს დგამს საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული სივრცის რუსული გავლენისგან გაწმენდისთვის. გარდა ამისა, დაიწყო აზერბაიჯანის და სომხეთის დაახლოებაც, რაც უმძიმესი დარტყმაა რუსეთზე.
ამ სიტუაციაში საქართველო სრული ანომალიაა, ერთის მხრივ საზოგადოებას ბოლომდე შესძულდა ივანიშვილი და მისი ხროვა. ამ ბანდიტური დაჯგუფების ძალადობა, თავგასულობა და უსამართლობა, ქართველები სამართლიანად თვლიან, რომ ჩვენთვის საერთაშორისო იზოლაცია დამღუპველია. თვითონ „ქოცებსაც“ რცხვენიათ აღიარება თავისი პოლიტიკური კუთვნილების, ვინაიდან თვითონაც განიცდიან გაჭირვებასა და დამცირებას.
ამ სიტუაციაში სულ გვესმის, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება და „რაღაცა მოხდება“. თუმცა უნდა გავიაზროთ, რომ ეს „რაღაც“ თავისით ვერ მოხდება.
საზოგადოების აქტიურმა ნაწილმა უნდა აიღოს ხელში ინიციატივა და შეწყვიტოს ერთი და იგივე წრეზე სიარული. გეოპოლიტიკური პროცესები ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჩვენც არ გვაქვს დასაკარგი დრო.
ლიდერების დეფიციტის პირობებში, თვითორგანიზებაა ერთადერთი სწორი გამოსავალი“, – წერია სააკაშვილის წერილში, რომელიც მის პირად „ფეისბუქის“ გავრცელდა.
