საქართველოს ტერიტორიაზე დაბუდებულები არიან ეს ჭინკები, რომლებიც შიგნიდან ხრავენ ჩვენს ტერიტორიას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე, საქართველოს ხელისუფლებაზე საუბრისა განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ახალგაზრდები სწორ გზაზე დგანან და დანარჩენი საზოგადოებაც მათ უნდა გაჰყვეს.
„დღეს ჩვენი ამოცანა არის ერთიანობა და შეტევა. გამოწვევა არის ძალიან დიდი. ჩვენ უნდა დავახვედროთ ამას, როგორც არასდროს დიდი ტალღა. ეს არის მართლაც ძალიან დიდი ძალის გამოღვიძება, რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება. ჩვენ არ უნდა მივცეთ მათ ძალის გამოყენების საშუალება. მინდა ყველას ვუთხრა, წავყვეთ ჩვენს ახალგაზრდობას, ისინი სწორ გზაზე დგანან და ჩვენც ყველას სწორ გზაზე დაგვაყენებენ. ვიყოთ ერთიანები, ვიყოთ მაქსიმალურად დამთმობები. ჩვენი ინტერესი ახლა მეასეხარისხოვანია იმიტომ, რომ ადამიანები ქვეყნის გარეშე შეიძლება დავრჩეთ და პრაქტიკულად, დავრჩით უკვე. საქართველოს ტერიტორიაზე დაბუდებულები არიან ეს ჭინკები, რომლებიც შიგნიდან ხრავენ ჩვენს ტერიტორიას. ამ პირობებში, თქვენ შეგიძლიათ რამდენიც გინდათ მასამართლოთ, რამდენიც გინდათ ინერციით გააგრძელოთ რუსული დაკვეთის შესრულება, ფარცხალაძის, „ეფესბეს“ აგენტის მიერ ინიცირებული საქმის სამარცხვინო განხილვა, მაგრამ მე ერთი რამ ვიცი – როგორც არასდროს ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, როგორც არასდროს ვარ დარწმუნებული ჩვენს ნათელ მომავალში. როგორც არასდროს, ის ახალგაზრდობა, რომელსაც თავის დროზე, კომპიუტერები მივეცით, ამერიკელი მასწავლებლები ჩამოვუყვანეთ, ხელი შევუწყვეთ მათ დიგიტალიზაციას, კორუფციისგან გავათავისუფლეთ, ეს ახალგაზრდები არიან ახლა ის, რომლის მსგავსი არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას არ ჰყავს. მაგრები ხართ, გენაცვალეთ თქვენ. მინდა ყველას მოვუწოდო ერთობისკენ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ერთობისკენ გამარჯვებაში და გამარჯვების შემდეგაც, საქართველო იქნება ერთიანი!
ახლა როგორც არასდროს, ჩვენთვის მთავარია ერთი სიტყვა – ერთობა. დააკვირდით, როგორ ეშინიათ ამ ჯოჯოხეთის მაშხალებს ამ სიტყვის. როგორც ეშმაკს ეშინია საკმევლისა და ჯვრის, ისე ეშინიათ ოლიგარქის მონებს სიტყვა – “ერთობის”. ერთობაშია ჩვენი გამარჯვების „რეცეპტი“. ერთობას ვერანაირი უხეში ძალითა და ფულით ვერ დაამარცხებთ. ნურაფრის ნუ შეგეშინდებათ, ეს ერთობა უფრო მაღლაა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკოსი, ვიდრე სააკაშვილი, ვიდრე ცალკე აღებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები“, – განაცხადა სააკაშვილმა.