საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავს, რომ „სამოქალაქო ტყვეების“ სიაში შეიყვანონ.
შესაბამის განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“პირველ რიგში, მინდა გამოვხატო ჩემი აღფრთოვანება უკრაინელი ერის გმირული ბრძოლის მიმართ, რომლის ნაწილიც ვარ, უკრაინის ამაყი მოქალაქე. ასევე, დიდ მადლობას გიხდით თქვენი ფენომენალური ლიდერობისთვის ამ ურთულეს დროს.
ვცდილობ, არ შეგაწუხოთ ჩემი თხოვნებით, რადგან ძალიან ბევრი სამუშაო გაქვთ გასაკეთებელი და მადლიერი ვარ თქვენი მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ ვგრძნობ მუდმივ ყურადღებას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, უმაღლესი რადას, თქვენი ადმინისტრაციის, ასევე, ადამიანის უფლებათა კომისრის მხრიდან.
მაგრამ ახლა იძულებული ვარ, რადგან გუშინ ციხის საავადმყოფოდან, სადაც მძიმე მოწამვლის გამო მკურნალობდნენ, უკან, იმ პერსონალთან დამაბრუნეს, ვინც მომწამლა. ჩემი მოწამვლა 2022 წლის მარტში მოხდა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე. მოწამვლის ფაქტი ამერიკულმა და გერმანულმა ლაბორატორიებმა დაადგინეს. პუტინმა თავიდანვე მოითხოვა ჩემთან დაკავშირებული ბრალდებები, ხოლო მედვედევმა და ლავროვმა არაერთხელ დაიკვეხნეს ჩემი პატიმრობით.
თავიდან, აბსოლუტურად გამოგონილი საქმისთვის დამაკავეს და საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ საქმე უკრაინაში ჩემს საქმიანობას უკავშირდებოდა. ჩემს წინააღმდეგ ახლახან აღძრულ ახალ სისხლის სამართლის საქმეში, სხვებთან ერთად, მე ბრალი მედება უცხო, მტრულად განწყობილი სახელმწიფოს სასარგებლოდ დივერსიაში. ამ საქმის მასალებში შედის თქვენი განცხადებები, ასევე, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებები. ანუ, უკანონო საქართველოს ხელისუფლება პირდაპირ აცხადებს უკრაინას მტრულად განწყობილ უცხო სახელმწიფოდ. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ამ დიდი ომის დაწყვებისთანავე რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა და მისმა მარიონეტებმა ღიად დაიკავეს რუსეთის მხარე.
ამ კონტექსტში, სრულიად აშკარაა, რომ ჩემი დევნა და ბედისწერა ომთან დაკავშირებულია. უკრაინის მოქალაქე და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ვარ, სადაც თქვენი [ვოლოდიმირ ზელენსკის] ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობის პატივი მქონდა. მსურს გკითხოთ, როგორც 2019 წელს, როდესაც უკანონოდ წართმეული მოქალაქეობა დამიბრუნეთ, რომ როგორც ოდესის რეგიონული სახელმწიფო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, როგორც რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე შემიყვანოთ პირთა სიაში, ვინც უკანონოდ დაპატიმრებულია საქართველოს პრო-რუსული რეჟიმის მიერ, ამ ომის სამოქალაქო ტყვეების სიაში, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.
ვიცი, რომ უკრაინელები თავისიანებს არ ტოვებენ, და თქვენი იმედი მაქვს”, – წერს სააკაშვილი ზელენსკისადმი წერილში.




