პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკის საშუალებით კომენტარი გააკეთა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც სახელმწიფოს ყოფილი მეთაური წერს, საპროტესტო აქციები სოხუმში სანიმუშოა დანარჩენი საქართველოსთვის, თუმცა ასევე შეიცავს გარკვეულ რისკებს.
„აფხაზებმა მთელი საქართველოს საქმე გააკეთეს რუსების კოლონიზატორული კანონის დაბლოკვით. რუსები პირველ რიგში დაცარიელებულ გალში, ოჩამჩირეში და გულრიფში აპირებდნენ ჩასახლებას. თუმცა აფხაზების გამარჯვებაში არის ერთი საფრთხე – თავისი წარმატებული ბრძოლით დასავლეთის სიმპათია მოიპოვონ და ეს უბრალოდ გვავალდებულებს, ჩვენი ბრძოლა დანარჩენ საქართველოში მივიყვანოთ გამარჯვებამდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ დემოკრატიულმა სამყარომ საქართველოს მთლიანობაში ზურგი შეაქციოს და მისი სიმპათიები აფხაზების მიმართ გადაიხაროს, თუნდაც ეს არ გვიტოვებს უკანდახევის შანსს, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.
15 ნოემბერს „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების“ რატიფიკაციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო კვარტლის გარშემო არსებული ღობე მოარღვია, ტერიტორიაზე შეაღწია და დაიკავა ე.წ. პარლამენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები.
17 ნოემბერს ადგილობრივი ოპოზიციის მომხრეებმა დაიწყეს დე ფაქტო მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ღობის დემონტაჟი.
აფხაზური ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებას ორ ვარიანტს სთავაზობს:
· ან „პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და პრემიერი“ დატოვებენ თანამდებობებს და „პრეზიდენტის“ მოვალეობას შეასრულებს „პარლამენტის სპიკერი“ ლაშა აშუბა.
· ან „პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტი და პრემიერი“ გადადგებიან და მანამდე „პრეზიდენტი“ „პრემიერად“ დანიშნავს კომპრომისულ ფიგურას, რომელიც „პრეზიდენტის“ მოვალეობასაც შეასრულებს.