საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას მასპინძლობს. ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ სარჯველაძემ და ქემალ მემისოღლუმ ერთობლივი, მიმდინარე პროექტები განიხილეს და სამომავლოდ, თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის გაძლიერებასა და საერთაშორისო ასპარეზზე, ურთიერთმხარდაჭერას უწყობს ხელს. ქემალ მემისოღლუს განცხადებით, თურქეთი, თავის მხრივ, მზადაა, საქართველოსთან, ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და მეტი ერთობლივი პროექტის განხორციელებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში, გაფორმდა მემორანდუმი, რომლის მიზანიც ჯანმრთელობისა და სამედიცინო მეცნიერებების მიმართულებით არსებული პოტენციალის ეფექტურად გამოყენება და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა.
დოკუმენტი გულისხმობს: ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ახალი, ერთობლივი პროექტების განხორციელებას, სამედიცინო ტურიზმისა და პროფესიული სამედიცინო განათლების მიმართულებით, აქტიურ თანამშრომლობას. ასევე – ფარმაცევტული პროდუქციის, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიწოდების საკითხებში თანამშრომლობას; ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლას, ფარმაცევტული პროდუქციის, თუ სამედიცინო მოწყობილობების რეგულირების საკითხებს.
მემორანდუმი, 2023 წელს, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მეცნიერებების სფეროებში, თანამშრომლობის შესახებ დადებული შეთანხმების ფარგლებში გაფორმდა.
სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ: ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები: ირაკლი სასანია, თეა გიორგაძე, გიორგი ცაგარეიშვილი, ირინე წაქაძე; თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ალი ქაან ორბაი. ასევე -ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და თურქეთის დელეგაციის წევრები.
შეხვედრა ორდღიანი, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა – თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ქემალ მემისოღლუ, მოადგილესთან და ჯანდაცვის მიმართულებების ხელმძღვანელებთან ერთად, თბილისს, 20 ოქტომბერს ეწვია და მაღალი რანგის შეხვედრებს მართავს.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
