13 აპრილს, პარიზის წიგნის ფესტივალზე რეჟისორ მიხეილ კობახიძისადმი მიძღვნილი წიგნის “ცხოვრება კინო არ არის” პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია რეჟისორი ნინო ხოფერია.
მიხეილ კობახიძის შვილი, თინა კობახიძე, რეჟისორის შესახებ გამოცემული წიგნის ავტორს ღია წერილით მიმართავს:
“ქალბატონო ნინო,
დარწმუნებული ვარ, თქვენი სურვილი, დაგეწერათ წიგნი მამაზე იყო სრულიად გულრწფელი და პატივისცემით სავსე. სამწუხაროდ, თქვენ არ გაითვალისწინეთ დღევანდელი უმძიმესი ვითარება საქართველოში.
მესმის, რომ ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ყველანი ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ არავის აქვს მორალური უფლება, არ გავითვალისწინოთ ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება! სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდები თავისუფლების ბრძოლის გამო ციხეში არიან და მათი ცხოვრება დღევანდელი უმოწყალო დიქტატორული რეჟიმის ხელშია!
გუშინ, პარიზში წიგნის წარდგენა თქვენ მიანდეთ შუბლზე ძარღვგაწყვეტილი ადამიანების ჯგუფს.
პარიზის წიგნის გამოფენაზე მონაწილეობა არ მიიღეს ქართველმა მწერლებმა, რომლებმაც დაგმეს და გააპროტესტეს ის, რაც დღეს საქართველოში ხდება.
თქვენ არ გაითვალისწინეთ, რომ ეს წიგნი იმ ადამიანზეა, რომელიც სწორედ ასეთი რეჟიმის მსხვერპლი იყო!
დღეს, ისევ თავისუფლებისთვის ბრძოლას, ცენზურას, დიქტატურას ეწირება ჩვენი ახალგაზრდობა!
დღევანდელ ე.წ. კულტურის სამინისტროს არ გააჩნია არანაირი უფლება წარადგინოს წიგნი მიხელ კობახიძეზე არც პარიზში და არც არსად!”