„ოცნება“ ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობისთვის ჩრდილის მიყენებას ცდილობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია – ეს ადამიანები თავიანთი ბედით კი არ თამაშობენ, არამედ ჩვენი ქვეყნით და ჩვენი მომავლით და ფრთხილად უნდა იყვნენ ამ საკითხში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც ამერიკა-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლაზე დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს “ქართული ოცნებისთვის” ასეთი თამაშით თამაშის უფლება არ მიუციათ.
რაც შეეხება ამერიკასთან უვიზო მიმოსვლასა და პირდაპირ ფრენებს – დაუშვილის განმარტებით, ამის მიღწევა სწორი მუშაობით შესაძლებელია.
“ამას სჭირდება ინტენსიური, სწორი მუშაობა. ეს ყველაფერი მიღწევადია სწორი მუშაობის და სწორი მმართველობის პირობებში. დღეს “ოცნება” ცდილობს, რომ ეს დააბრალოს ამერიკას. უნდა გვესმოდეს, რომ ძალიან სახიფათო თამაშს თამაშობენ ამ ჭრილში. ეს ადამიანები თავიანთი თავით და ბედით კი არ თამაშობენ, არამედ ჩვენი ქვეყნით და ჩვენი მომავლით და ფრთხილად უნდა იყვნენ ამ საკითხში, იმიტომ, რომ ასეთი თამაშით თამაშის უფლება ჩვენს მოქალაქეებს მათთვის არ მიუციათ. არ შეიძლება, მიუღებელია. ჩვენ გვითქვამს, რომ ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა სწორია, განსაკუთრებით, ეკონომიკურ ჭრილში, ეს დიდი შედეგია და არ შეიძლება რაღაცა წუნი დაინახო, მაგრამ მეორე მხარეს რასაც ესენი აკეთებენ, რომ ჩრდილის მიყენებას ცდილობენ ჩვენი და ამერიკელი ხალხის ურთიერთობაში, კატეგორიულად მიუღებელია,” – განაცხადა დაუშვილმა.