მიხალკოვი: ალა პუგაჩოვა ვეღარასდროს დაიბრუნებს ადგილს და სტატუსს

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და მისი პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერი და პროპაგანდისტი, კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი ისევ აკრიტიკებს ყოფილ საბჭოთა კავშირსა და რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მომღერალს ალა პუგაჩოვას, რომელმაც ში ს ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სამშობლო დატოვა.
მიხალკოვმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პუტინის ნდობით აღჭურვილი პირია, კრემლის მიერ კონტროლირებულ სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში პუგაჩოვა ვეღარასდროს დაიბრუნებს ადგილს და სტატუსს. მიხალკოვმა ადრეც თქვა, რომ სამშობლოს წინაშე ალა პუგაჩოვას მსგავსი არტისტების დამსახურება „ანულირებულია“ და ისინი რუსეთში „აღარავის სჭირდება“.
უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგე ალა პუგაჩოვა, რომელმაც ქმართან, შოუმენ მაქსიმ გალკინთან და შვილებთან ერთად რუსეთი 2022 წელს დატოვა და ისრაელში ცხოვრობს, რუსეთში არაერთხელ იქცა სიტყვიერი თავდასხმების სამიზნედ. კრემლთან დაახლოებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები პუგაჩოვასთვის ქონების და წოდებების ჩამორთმევასაც მოითხოვდნენ. 2023 წლის ნოემბერში პუგაჩოვამ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მისთვის მთავარი სიმდიდრე თავისუფლებაა.
კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი ევროკავშირის, შვეიცარიის და კანადის მიერ სანქცირებულთა სიაშია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერის გამო.
2022 წლის მარტში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ მიხალკოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მუხლის მეორე ნაწილით, რომელიც ეხება ამ ქმედების ჩადენას ეროვნული ან რელიგიური შუღლის გაღვივებით. უკრაინაში მიხალკოვს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.
2024 წლის იანვარში YouTube-მა დისკრიმინაციული გამონათქვამების გამო მიხალკოვს დაუბლოკა პროპაგანდისტული ინტერნეტარხი „Бесогон ТВ“.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ძალიან გვეხმარება „ოცნების“ და ივანიშვილის პოლიტიკა, ეს უკვე „პრო“ აღარ არის, ეს არის რუსულობა – რას ნიშნავს, როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს? – იცის, ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს