მიხაილ როთი – ცოტა უხეში და არც ისე პროფესიონალურია ჩვენი იგნორირება

ბევრი საკითხია, სადაც სრულიად არ ვეთანხმებით მმართველ პარტიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ – ამიტომ ცოტა უხეში და არც ისე პროფესიონალურია ჩვენი იგნორირება, – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა „პალიტრანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.
როთი აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოს მეგობრები არიან და სურთ, ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლაში დაეხმარონ.
„სამწუხაროდ, ჩვენ ვერ შევხვდით ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს. ეს ძალიან გულდასაწყვეტია, რადგან ჩვენ უნდა ვესაუბროთ ერთმანეთს. ეს არის დემოკრატიის არსი. ბევრი საკითხია, სადაც სრულიად არ ვეთანხმებით ხელისუფლებას და მმართველ პარტიას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ. ჩვენ ვართ ქვეყნის მეგობრები და გვსურს დავეხმაროთ, მხარი დავუჭიროთ და თან დავეხმაროთ ქვეყანას ევროკავშირისკენ სვლაში. მე შეიძლება მმართველ პარტიას, ხელისუფლების წარმომადგენლებს არ მოვწონდე, მაგრამ პატივს ვცემ მათ აზრს. მაგრამ ჩვენი დელეგაცია არის მრავალპარტიული დელეგაცია. ჩვენ მოვდივართ რვა სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა პოლიტიკურ კულტურას, იდეოლოგიას. მე ვარ „სოციალ-დემოკრატი“. არ დაგავიწყდეთ, წლების წინ „ქართული ოცნება“, მმართველი პარტია, ევროპაში ჩვენი, „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ ჩვენ მათი წევრობა შევაჩერეთ ანტიდემოკრატიული მათი პოლიტიკის გამო. თუ მათ არ უნდათ ჩემთან საუბარი, არსებობენ სხვა, კონსერვატიული, ლიბერალური, პროგრესული პოლიტიკური პარტიები. ამიტომ ცოტა უხეში და არც ისე პროფესიონალურია ჩვენი იგნორირება. ცოტა უცნაურია გასაოცარ ქვეყანაში მოგზაურობა მხოლოდ ოპოზიციის, პრეზიდენტის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სტუდენტების შესახვედრად. სამწუხაროა,“ – განაცხადა როთმა.
ამასთან, გერმანელი პარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროპას საქართველოს დაკარგვა არ უნდა და ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში ვიზიტს კოლონიალიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ჩვენ არ გვინდა საქართველოს დაკარგვა. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო დავაბრუნოთ გზაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვართ აქ. ამას არანაირი კავშირი არ აქვს კოლონიალიზმთან,“ – აღნიშნავს როთი.
გარდა ამისა, ევროპელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში, ხელისუფლების კრიტიკა და კრიტიკული კითხვების დასმა სავსებით ნორმალურია.
„ნება მომეცით ძალიან მკაფიო ვიყო. საქართველოსთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ქართველ ხალხთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ უბრალოდ გვაქვს დავა და დაპირისპირება მმართველ პარტიასთან, ხელისუფლებასთან. მინდა გკითხოთ, საქართველო აბსოლუტური მონარქიაა თუ საბჭოთა სახელმწიფო, თუ საქართველო დემოკრატიაა? დემოკრატიულ ქვეყანაში, სავსებით ნორმალურია, რომ კრიტიკულ კითხვებს ვსვამთ და ვბედავთ ხელისუფლების კრიტიკას. იმედი მაქვს, დამოუკიდებელი მედია გააკრიტიკებს ხელისუფლებას. მე არ ველოდები ჩემი ოპოზიციისგან ჩემს ქვეყანაში, რომ ოპოზიცია იტყვის, ღმერთო ჩემო, „ეს კანცლერი დიდ საქმეს აკეთებს“, „კოალიცია დიდ საქმეს აკეთებს“. არა, მათი საქმეა ჩვენი კრიტიკა. ჩვენ, როგორც მეგობრები, ვაკრიტიკებთ ხელისუფლებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მტრები ვართ. ბევრ ჩვენგანს, ჩვენ გვიყვარს ქვეყანა, გვაქვს ძალიან, ძალიან ემოციური კავშირი ქვეყანასთან. ბევრ ჩვენგანს ჰყავს ახლო მეგობარი. მე მომწონს ქართველები, მაგრამ არ ვისურვებდი, რომ ყველა ერთგულმა ევროპელმა დატოვოს ქვეყანა, რადგან ვიცი, რომ ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი, კარგად განათლებული ხალხის გარეშე, თქვენ ვერ ააშენებთ ნათელ მომავალს ქვეყნისთვის.
თუ ისინი გადავლენ გერმანიაში, ისინი გაამდიდრებენ ჩვენს შრომის ბაზარს, მაგრამ აქ დაგაკლდებათ ისინი. ისინი აქ გჭირდებათ. ცოტა ცინიკურად ჟღერს, თუ მთავრობა ან მმართველი პარტია ყოველთვის აკრიტიკებს ქუჩებში დემონსტრაციას ახალგაზრდა თაობას ევროპული ღირებულებებისთვის. ისინი არ არიან რევოლუციონერები. ისინი ერთგული ევროპელები არიან. ეს არ არის პრივილეგია. ეს არის ჩვენი ღირსების მთავარი ელემენტი. თავისუფალი სიტყვა და სიტყვის თავისუფლება ყოველთვის ნიშნავს, რომ შეგიძლია გააკრიტიკო მთავრობა და არ მაქვს პრობლემა, თუ ხელისუფლება მაკრიტიკებს. რატომაც არა? მაგრამ უფრო ადვილი იქნება, თუ აქ, ამ მაგიდასთან დავსხდებით, ჩვენი განსხვავებული შეხედულებების გასაზიარებლად,“ – განაცხადა როთმა.