მიხაილ როთი: ევროპის ნამდვილი დედაქალაქი დღეს თბილისია. დაე, აგენტების კანონი შეჩერდეს!

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი X-ზე (ყოფილი ტვიტერი) აზიარებს საქართველოში, 1 მაისის საპროტესტო აქციაზე, გადაღებულ ვიდეოს, რომელიც ასახავს, როგორ მართავს ათასობით მოქალაქე “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო დემონსტრაციას და წერს, რომ დღეს ევროპის დედაქალაქი თბილისია და ქართველები სამაგალითო ევროპელის სახეს აჩვენებენ.
“სანამ ასეთი მამაცი, დიდებული ევროპელები არსებობენ, ევროკავშირი სულმოკლე, მხდალი ნაციონალისტების გამო არ გაქრება. ევროპის ნამდვილი დედაქალაქი დღეს თბილისია. დაე, მშვიდობიანი დარჩეს! დაე, აგენტების კანონი შეჩერდეს!” – წერს გერმანელი დიპლომატი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მიხაილ როთი თბილისში მიმდინარე პროტესტს ეხმაურება – 30 აპრილის ღამეს აქციის დარბევის შემდეგ მან პირადად მიმართა პრემიერ ს და მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე. ამ დღეს სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ დემონსტრანტები გასცდნენ მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებს და რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პროპორციულ ძალას იყენებდა მათ წინააღმდეგ.
“აგენტების კანონი” საქართველოს პარლამენტმა 1 მაისს მეორე მოსმენით მიიღო. ამ სადავო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გასულ წელს ხალხმრავალი პროტესტის ფონზე უკან გაიწვია, თბილისში ორი კვირაა იმართება აქციები. პროტესტის მონაწილეთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება, რომელიც ჯიუტად ცდილობს “რუსულ კანონად” წოდებული კანონის მიღებას, მკვეთრად ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს და უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე. ხელისუფლება ამ შიშების პასუხად იყენებს ტერმინს “ღირსებით ევროპისკენ” და ამტკიცებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე უარს არ ამბობს და ამ გზაზე თავის პრინციპებს დაიცავს.
საქართველოში მიმდინარე პროტესტისა და დემონსტრანტებზე ძალადობის ფონზე, პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოს აფრთხილებენ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელ პრობლემებზე. მათ შორის არის ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევა, ვიზის გარეშე მგზავრობის უფლების შეზღუდვა ევროკავშირის ქვეყნებთან და შესაძლო სანქციების დაწესება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყანას დასავლეთისკენ სვლაში.