მიხაილ როთის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია – საპატრიარქო

მიხაილ როთის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია – საპატრიარქო
საპატრიარქო გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადებას ეხმაურება:
„გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ როთი, რომლის განცხადებამაც უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში, განსაკუთრებით – მორწმუნეთა შორის. მან თავის განცხადებაში ბრძანა: „როგორ უნდა შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე?! მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა?!“
ეკლესია მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას. მან კი ამ განცხადებით ეკლესია გამიჯნა ახალგაზრდობისა და ქვეყნის ნათელი მომავლისაგან. ეს არის ევროპული ქვეყნის სახელმწიფო მოხელისაგან სამწუხარო მცდელობა ეკლესიის სტიგმატიზაციისა და თანაც ასეთ რთულ ვითარებაში.
გვსურს, ვუპასუხოთ ბატონ მიხეილს, რომ ჩვენ არ ვყოფთ არც ახალგაზრდებს და არც ასაკოვან ადამიანებს იმის მიხედვით, ვინ რა პლატფორმაზე დგას. ჩვენი ახალგაზრდები ეკლესიის წევრები არიან, მის წიაღში იყვნენ და არიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებიც. ეს ჩვენთვის ბუნებრივი მდგომარეობაა.
ამდენად, ბატონი მიხეილის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია”