საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სახელმწიფოს კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების მისაკუთრების ფაქტებზე, ამნისტიის კანონი ამოქმედდა.
კანონის აღსრულების პროცესი 2025 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.
“ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირების მიზანი იყო იმ ათასობით მოქალაქის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება, რომლებმაც სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთები დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს. ამნისტიის კანონის გამოყენებით პირი ნასამართლევად არ ჩაითვლება”. – წერია პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ამნისტიის კანონი ვრცელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზე საკუთრების უფლებაც პირს დანაშაულებრივად აქვს მოპოვებული, თუმცა, კანონი არ ითვალისწინებს კერძო პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც მეორე პირმა დანაშაულებრივი გზით მოიპოვა.
“ამნისტიის კანონი სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასჯელისგან, მათ შორის, აღუსრულებელი ჯარიმისგან და პირობითი მსჯავრისგან ათავისუფლებს პირს, რომელმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე – თაღლითობის მუხლით ან/და 362-ე – ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადების, გასაღების ან გამოყენების მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გზით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოიპოვა საკუთრების უფლება და თუ აღნიშნული პირი სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს. ასევე, ამნისტია თანაბრად ვრცელდება როგორც დანაშაულის უშუალო ამსრულებელზე, ისე თანამონაწილეზე”. – წერია განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, თუკი პირს სურს ამნისტიის კანონით დადგენილი შეღავათით სარგებლობა, ზიანი 2024 წლის 1 სექტემბრამდე უნდა აანაზღაუროს. ზიანის ანაზღაურება გულისხმობს მიწის ნაკვეთის სამართლებრივი ვალდებულებისგან თავისუფალ მდგომარეობაში სახელმწიფოსთვის დაბრუნებას – პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თუ ეს შეუძლებელია – მიწის ნაკვეთის ღირებულების თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში – ხაზინის ანგარიშზე – შეტანას.
ამნისტია არ გავრცელდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ დანაშაულზე და ასევე, იმ პირებზე, რომლებმაც დანაშაული სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩაიდინეს.
პროკურატურის ცნობით, პირს უფლება აქვს უარი თქვას მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე და ისარგებლოს მისი საქმის სასამართლოს მიერ განხილვის უფლებით.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონოდ დარეგისტრირების ფაქტზე ჩადენილ დანაშაულებზე ამნისტიის გამოცხადდების ინიციატივით საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი 11 სექტემბერს გამოვიდა.