მიტროპოლიტი საბა: მეც მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ერთხელ მომიწია ამ პრეზიდენტის აღსარების მიღება და ზიარება

ქალბატონო პრეზიდენტო თქვენ და თქვენნაირად მოაზროვნე ადამიანებს გეტყვით, რომ პატრიარქი არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ასაკის მატებისა, სიბრძნე და გამოცდილება არ აკლდება, – ასე მიმართა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა, საბამ საკვირაო ქადაგებისას საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს,

მიტროპოლიტის თქმით, მას საზოგადოებისაც გაჰკვირვებია, რადგან არ არის ერთსულოვანი და ხმალამოღებული პატრიარქის დაცვის კუთხით.

„საზოგადოებისაც გამკვირვებია, რომელიც ერთსულოვანი და ხმალამოღებული არ არის ეკლესიისა და პატრიარქის დაცვაში. შეიძლება ეკლესიას და პატრიარქს არ სჭირდება ჩვენი დაცვა, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გავმართლდეთ ჩვენი გაკეთებული საქმეებით.

ხშირ შემთხვევაში ამ საქმეებს ბოლო დროს ვერ ვხედავ. დავინახე ამ დღეებში ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა როგორ მოიხადა ბოდიში იმისათვის, რომ პრეზიდენტს ხმა მისცა არჩევნების დროს.

მეც მოვიხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ერთხელ მომიწია ამ პრეზიდენტის აღსარების მიღება და ზიარება. ვთვლი, რომ ის მაშინ იყო გულწრფელი და არც დღეს მით უმეტეს. თუმცა, მადლობა ღმერთს იმისათვის რომ ჩვენ გვიწევს ჩვენი საქმიანობის შესრულება ისე, როგორც საჭიროა და ვალდებული ვართ ყოველი მონანული ადამიანი მივიღოთ, მაგრამ არის კი სინანული ამ ადამიანებში? ეს არის საკითხავი.

გეტყვით ქალბატონო პრეზიდენტო თქვენ და თქვენნაირად მოაზროვნე ადამიანებს, პატრიარქი არის დედამიწის ზურგზე ერთადერთი ადამიანი, რომელსაც  მიუხედავად ასაკის მატებისა, სიბრძნე არ აკლდება, გამოცდილება არ აკლდება.

თქვენ კიდევ ერთხელ მოინდომებთ პატრიარქთან მოსვლას და იმის ახსნას, რომ თქვენ არაფერი დაგიშავებიათ, თუმცა ეს იქნება კიდევ ერთი სიცრუე. თუ მე შევესწრები თქვენს პატრიარქთან მოსვლას, იცოდეთ რომ ნამდვილად ხელს შეგიშლით მასთან საუბარში. ნამდვილად ვეტყვი პატრიარქს თქვენს თვალწინ, ის რაც გააკეთეთ თუ ამას სხვები არ იზამენ.

ვფიქრობ ასეთ ადამიანებს საპატრიარქოში არაფერი ესაქმებათ. თუ იქნება პრინციპული დამოკიდებულება საპატრიარქოსი, იქამდე ვიდრე ეს ადამიანები სახალხოდ ბოდიშს არ მოუხდიან იმ მხცოვან პატრიარქს, რომლის ზურგზე ჯერ კიდევ დგას საქართველო. ნაცვლად იმისა, რომ მას ტვირთს ვუმსუბუქებდეთ, კიდევ უფრო ვუმძიმებთ და გულს ვტკენთ. პირდაპირ გეტყვით, დაისჯებით ამისთვის. ყველანი ვინც ამას აკეთებთ და ვინც ამას არ ეწინააღმდეგებით“, – აცხადებს მიტროპოლიტი საბა.

სასულიერო პირმა დასძინა, რომ ვიდრე პატრიარქი ცოცხალია, ის იქნება ჩვენი ეკლესიის მეთაური.

„ვიდრე პატრიარქი ცოცხალია, ის იქნება ჩვენი ეკლესიის პატრიარქი, მეთაური და ჩვენი ქვეყნის გადამრჩენელი ერთადერთი მოღვაწე, განსხვავებით ჩვენი ბოლო დროინდელი პრეზიდენტებისა და ზოგიერთი სახელმწიფო მოღვაწეებისა“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიდ ბრიტანეთში, Chatham House-ში განაცხადა, რომ პატრიარქმა ეკლესიის კურსი ძალიან მყარად შეინარჩუნა

კითხვაზე, როგორია საქართველოს ეკლესიის როლი მიმდინარე პროცესებში და ეთანხმება თუ არა პრეზიდენტი მოსაზრებას, რომ ეკლესია ქვეყანაში „ს რბილ ძალას“ წარმოადგენს, ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპლექსური ვითარებაა.

„ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა, რომელმაც აქამდე ძალიან მტკიცედ შეინარჩუნა ეკლესიის ძველი მეთოდები. ვფიქრობ, მართლმადიდებლური ეკლესია, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ძალიან ახლოს არის ძალასთან და მიდრეკილია აჰყვეს თანამედროვე მიდგომას, მე ვიტყოდი, მიდრეკილია ნიუანსების ცვლილებისკენ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ