„მინდა, რომ ჩემი საწვიმრები ლონდონში შევიტანო და იქ დავაფუძნო, რადგან წვიმის ქალაქია“ – როგორია Rainbow Design-ის საწვიმრებზე მოთხოვნა

Rainbow design ქართულ ბაზარზე შვიდი წლის წინ გამოჩნდა, ბრენდი ხელნაკეთი დეტალებით და ზურგზე ქართველი მხატვრების ნახატებით გაფორმებულ გამჭვირვალე საწვიმრებს ქმნის. იდეა მარიამ ჩიღუნაძეს ეკუთვნის, რომელმაც პირველი საწვიმარი თავისთვის შექმნა და მასიურ წარმოებაზე იმ პერიოდისთვის არ უფიქრია. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მარიამ ჩიღუნაძე აღნიშნავს, მისი საწვიმრები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„Rainbow-ზე მუშაობა 7 წლის წინ დავიწყეთ, თავიდან ასე განსაზღვრული არ იყო, რომ ბრენდი შეგვექმნა და ფართო წარმოებაში გადავსულიყავით მაგრამ როდესაც პირველი ლაბადა შევქმენით შემდეგ მივხვდით, რომ ამაზე მუშაობა ღირდა. პირველი ნაბიჯებიც აქედან იწყება სახელი rainbow-ც იმიტომ შევურჩიეთ, რომ წვიმასთან და ფერებთან ასოცირდება, ზურგზე ძირითადად ქართველი მხატვრების ნახატებს ვიყენებთ, ჯიბეები ხელნაკეთია და მატერიები მაქსიმალურად ხარისხიანი და დახვეწილი, რაც დროთა განმავლობაში დაიხვეწა და დღეს უკვე უმაღლეს ხარისხზე ვმუშაობთ.
უცხოეთიდან ჩამოგვაქვს რულონები და ვასაწყობებთ, შემდეგ ჩვენით ვაკეთებთ ყველაფერს, ვთანამშრომლობთ ერთ-ერთ სამკერვალოსთან, რომელიც ასევე საამქროა და დიდ რაოდენობებს ვამზადებთ, როცა გვჭირდება, ძირითადად უცხოეთიდან შემოდის დიდი რაოდენობებზე შეკვეთა. ეს ბრენდი ჩვენი მოფიქრებულია და არსად ანალოგი არ ჰყავს“ – აღნიშნა მარიამ ჩიღუნაძემ.
მისი თქმით rainbow design ოფიციალურად ექსპორტზე არ გადის, თუმცა მცირე რაოდენობები სტაბილურად იგზავნება სხვადასხვა ქვეყანაში. მისივე თქმით მის საწვიმრებს ყიდულობენ ესპანეთში, ამერიკაში, იტალიაში, შვედეთში. რაც შეეხება ზომებს ჩიღუნაძის თქმით ამზადებს საწვიმრებს, როგორც ბავშვებისთვის 2-3 წლიდან 12 წლის ჩათვლით, ასევე დიდებისთვის xs-იდან 2xl-მდე.
„რაც შეეხება ქართულ ბაზარს, დაინტერესება საკმაოდ მაღალია, 7 წელია ბაზარზე ვართ და ჩვენი საწვიმრები 7 წლის მანძილზე იყიდება, ერთი პროდუქტისთვის სტაბილური 7 წლიანი გაყიდვები კარგია და ისეთ ქალაქებში სადაც უფრო ხშირად წვიმს ვფიქრობ, რომ წარმადობა უკეთესი უნდა ჰქონდეს.
ძალიან მინდა, რომ ჩემი საწვიმრები ლონდონში შევიტანო და იქ დავაფუძნო, რადგან წვიმის ქალაქია,“ – აღნიშნა Rainbow design-ის დამფუძნებელმა.
რაც შეეხება გაყიდვებს მარიამ ჩიღუნაძე აღნიშნავს, რომ მისი პროდუქცია ძირითადად ონლაინ იყიდება და პერიოდულად სხვადასხვა მაღაზიასთან და დახლთან თანამშრომლობს.
„ძირითადად ონლაინ ვყიდით, მაგრამ შემდეგი კვირიდან წარმოდგენილები ვიქნებით სავაჭრო ცენტრ Homemart-ის Art Corner-ზე, რაც ჩვენთვის როგორც შოუ რუმი ისე გამოვა. წინა წელს სეზონზე მოლში ვიყავით წარმოდგენილები, სადაც ორი წლის მანძილზე იყიდებოდა თუმცა ონლაინ გაყიდვების მხრივაც იგივე შედეგს ვიღებთ, დახლები კიდევ საკმაოდ ძვირს გვთხოვენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაყიდვები ონლაინ დაგვეტოვებინა“ – აღნიშნა მარიამ ჩიღუნაძემ.
მისი თქმით, Rainbow design ვინილის „თრენჩებსაც“ აწარმოებს, რომლებიც საკმაოდ მოთხოვნადია და ძირითადი შეკვეთა „თრენჩების“ მიმართულებით უცხოეთის ბაზრებიდან შემოდის.
„გარდა საწვიმრებისა ვაწარმოებთ ვინილის „თრენჩებს“ , რომელიც უფრო სეზონურია და გაზაფხულის და შემოდგომის სეზონისთვის არის გათვლილი, ასევე ვაწარმოებთ პოლიესტერის პალტოებსაც, მე თვითონ ძალიან მიყვარს ინგლისური სტილი და ის დეტალები, რასაც სხვადასხვა სამოსზე ვხედავდი, მინდოდა რომ გამეერთიანებინა. ამ შემთხვევაშიც მოთხოვნა ძალიან მაღალია და ძირითადად უცხოელებისგან შემოდის
ახლა დავიწყე თანამშრომლობა იტალიაში ამ ხაზით, რომელიც ახლა იდგამს ფეხს და მინდა, რომ „თრენჩების“ მიმართულება იტალიაში განვავითაროთ,“ – აღნიშნა მარიამ ჩიღუნაძემ.
რაც შეეხება ინვესტიციას, Rainbow design-ის თავდაპირველი ინვესტიცია დაახლოებით 2000-დან 3000 ლარის ფარგლებში იყო, რაც პირადი სახსრებით განხორციელდა.
„თავდაპირველი ინვესტიცია 2000-3000 ლარის ფარგლებში იყო, რაც პირადი ხარჯებით განვახორციელეთ, არ იყო კოლოსალური თანხა, რომ შევეფერხებინეთ.
მქონდა მცდელობა, რომ „აწარმოე საქართველოს“ გრანტი მომეპოვებინა, თუმცა არ გაამართლა და არ დამიფინანსეს. ვინც ამ გრანტზე განაცხადის შეტანას აპირებს, ვურჩევ, რომ საჭიროებები ზუსტად განსაზღვროს და ზუსტად იცოდეს რა სჭირდება, მე საბოლოო ჯამში ძალიან ბევრი დანადგარი მჭირდებოდა, ან ვითხოვდი ისეთ დანადგარს, რაც ბევრ საქმეს არ გამიკეთებდა, ამიტომ გრანტის მოთხოვნამ არ გაამართლა.
მე ამ ყველაფერს დედასთან ერთად ვაკეთებ, თუმცა გააჩნია შეკვეთის რაოდენობას, იმის მიხედვით აგვყავს მკერავები, ასევე ჯიბეებზე დასაქმებულია ერთი ადამიანები, სადღაც ერთი საწვიმარი , რომ დამზადდეს 5-6 ადამიანის ხელში უნდა გაიაროს, პრინტებსაც ერთ-ერთ კომპანიას ვაკეთებინებთ,“ – აღნიშნა მარიამ ჩიღუნაძემ.
რაც შეეხება საწვიმრების ფასებს, საბავშვო ზომების ფასი, საშუალოდ, 75 ლარიდან 95 ლარამდეა, ხოლო დიდი ზომები – 155-165 ლარი ღირს.

ასევე დაგაინტერესებთ