მიმდინარე წელს, „ელმა“ სარეალიზაციო არეალის გაფართოებას გეგმავს

თავის მოვლის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ელმა“ მიმდინარე წელს, სარეალიზაციო არეალის გაფართოებას გეგმავს. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, მაკო მახარობლიძემ განაცხადა. ბრენდის დამფუძნებლის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები “გლდანი მოლთან” და “ს მოლთან” მიმდინარეობს.
„წელს, ჩვენი გეგმა სარეალიზაციო არეალის გაფართოებაა. გვინდა, ახალი წლისთვის, პროდუქტები ახალ ლოკაციაზე გვქონდეს წარმოდგენილი და ახალი ფილიალი დავამატოთ. მოლაპარაკებები გვაქვს “გლდანი მოლთან” და “ბათუმის მოლთან”. თუმცა ვფიქრობთ, რომ გლდანის ტერიტორიაზე ახალი ფილიალი, სტენდის სახით გვექნება. სავარაუდოდ, წელს ახალი პროდუქტების დამატება არ მოხდება, რადგან ამის საჭიროება არ არის, თუმცა პროდუქციის წარმოების ზრდა გამორიცხული არ არის“, – აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.
მახარობლიძე ასევე აღნიშნავს, რომ გაზრდილი შესაფუთი მასალის გამო, კომპანიას ფასების დაახლოებით 10%-იანი ზრდა მოუწია.
ცნობისთვის: კომპანია „ელმა“ მცირე ბიზნესია, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს ორგანული პროდუქტებისგან ამზადებს და ბაზარზე 2 წელია ოპერირებს. კომპანია აწარმოებს სახის, ტანისა და თმის მოვლის საშუალებებს. ბრენდი 5 000-ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა და ის, ჯამში 3 ადამიანს ასაქმებს. ამ ეტაპზე, მისი პროდუქცია ხელმისაწვდომია აფთიაქებში, ფასდაკლებების საიტებზე და სხვა ონლაინ პლატფორმებზე. კომპანია აწარმოებს როგორც ცალკეულ პროდუქტებს, ასევე სასაჩუქრე ნაკრებებსა და კორპორაციულ შეკვეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ