დღეს, 10 ივნისს, იტალიის ქალაქ მილანში საქართველოს გენერალური საკონსულო გაიხსნა. ცერემონიაში „ქართული ოცნების“ მაღალი რანგის ლიდერებმა, ასევე, მილანის მერმა მიიღეს მონაწილეობა.
საკონსულოს გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი კობახიძემ „დამოუკიდებლობაზე“ ისაუბრა და თქვა, რომ „დამოუკიდებლობა არის ის, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ“.
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი უნიკალური, მრავალსაუკუნოვანო ისტორიით და სიამაყით ვიმეორებთ, რომ ჩვენი ქვეყანა არის 3000 წლის, ხოლო საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის 23-საუკუნოვანი ისტორიის“, – განაცხადა მან.
„დღეს სიამაყით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ ქალაქი მილანი „ჩვენთვის განსაკუთრებულ ემოციებთანაა დაკავშირებული“ კახა კალაძის გამო – „თბილისის მერი წარმოადგენდა ჩვენს ქვეყანას ამ ქალაქში წლების განმავლობაში და სიამაყით იცავდა ჩვენი ქვეყნის ღირსებას“. კალაძე 9 წლის განმავლობაში თამაშობდა საფეხბურთო კლუბ „მილანში“.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „ჩრდილოეთ იტალია მნიშვნელოვანი რეგიონია ეკონომიკურად, კულტურულად და არის ერთგვარი დიპლომატიური ცენტრიც“.
მისი თქმით, ახალი საკონსულო „ჩრდილოეთ იტალიის რვა რეგიონს ფარავს“.
„ოცნების“ ლიდერების ვიზიტს საკონსულოს გახსნაზე დასასწრებად ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა.
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ „საკონსულოების გახსნა არის ძალიან დიდი ფარსის შემცველი იმ ფონზე, როდესაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას, იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს, არ აძლევენ ხმის მიცემის საშუალებას“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან სანიკიძემ თქვა, რომ ამ ვიზიტს „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს.
მისი თქმით, პარტია არის „უმწვავეს საერთაშორისო კრიზისში, საერთაშორისო იზოლაციაში და ყველაფერს აკეთებენ, რომ ოღონდ ვინმეს, სადღაც, დასავლეთში ხელი ჩამოართვან“.
