მიკროფონი იყო თავისუფალი, შეზღუდული არავინ ყოფილა – მთავრობის ადმინისტრაცია ზივზივაძეზე

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, საფეხბურთო ნაკრების დახვედრის საზეიმო ცერემონიალზე მიკროფონი იყო თავისუფალი და შეზღუდული არავინ ყოფილა.
ამის შესახებ ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში მას შემდეგ განუცხადეს, რაც დავინტერესდით შეეზღუდა თუ არა სიტყვით გამოსვლა ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძეს.
კერძოდ, საზოგადოების ნაწილში დახვედრის საზეიმო ცერემონიალის ლაივსტრიმიდან ერთ-ერთმა მონაკვეთმა გააჩინა აღქმა, რომ ღონისძიების წამყვანმა დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა.
„შენ არ გამოდიხარ, სიტყვა არ აღარ არის“, – ისმის დიმა ობოლაძის ხმა, რა დროსაც კადრში ჩანს ბუდუ ზივზივაძე, რომელიც სცენის იმ მხარიდან მოემართება, სადაც დიმა ობოლაძე იდგა.
მთავრობის ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი ფეხბურთელს სურვილისამებრ შეეძლო მიემართა გულშემატკივრებისთვის.
„მიკროფონი იყო თავისუფალი, შეზღუდული არავინ ყოფილა. ნებისმიერი ფეხბურთელს სურვილისამებრ შეეძლო მიემართა გულშემატკივრებისთვის. ეს საღამო იყო ამისთვის. ასე, რომ ვინმეს სიტყვით თქმის საშუალება არ მიეცა სრულიად უადგილოა“, – განუცხადეს ნეტგაზეთს მთავრობის ადმინისტრაციაში.
ბუდუ ზივზვიძისთვის სიტყვით გამოსვლის შეზღუდვას უარყოფს დიმა ობოლაძეც.
„ზღვარი ხომ აქვს ყველაფერს, მსგავსი არაფერი არ ყოფილა. საერთოდ არ მქონია ასეთი კონტაქტი ბუდუსთან. შეიძლება სხვას ვუთხარი. ლევან კობიაშვილი უნდა გამოსულიყო სიტყვით, აღარ გამოვიდა და შეიძლება იმას ვკითხე, ნაღდად მახსოვს ვკითხე, სიტყვით არ გამოდიხარ-მეთქი და არაო. რა ბუდუს ვუთხარი?! რას იგონებთ?! – სისულელეა. თვითონ ბუდუსაც შეგიძლიათ დაელაპარაკოთ“, – განაცხადა დიმა ობოლაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ